სახალხო დამცველი - შემაშფოთებელია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება - საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების გამო, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა.

ლევან იოსელიანის შეფასებით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„შემაშფოთებელია დღეს, 2023 წლის 27 დეკემბერს გამთენიისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აფხაზეთზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც ეს განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში.

საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ზემოაღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი გამოვლენაა იმ არაერთი და მასშტაბური, ეროვნული კანონმდებლობის, და მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო პრაქტიკისა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება და რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მუდმივად დღის წესრიგში მდგარი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის ფონზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების კიდევ ერთი მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა“,-აღნიშნავს სახალხო დამცველი.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა