ომბუდსმენი - საქართველოში მოხუცთა კერძო თავშესაფრები ფუნქციონირებს, რომლებიც ყველანაირი რეგულაციის მიღმა დგანან - ჩვენ არ ვიცით, იქ რა ხდება, ხშირ შემთხვევაში, ჩვენს წარმომადგენლებს იქ არც უშვებენ

მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ საქართველოში მოხუცთა კერძო თავშესაფრები ფუნქციონირებს, რომლებიც ყველანაირი რეგულაციის მიღმა დგანან. ჩვენ არ ვიცით, იქ რა ხდება. ხშირ შემთხვევაში, ჩვენს წარმომადგენლებს იქ არც უშვებენ, - აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, კრიტიკას ვერ უძლებს ვერც სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული მოხუცთა თავშესაფრებიც.

„პრობლემები და გამოწვევები რჩება ხანდაზმულებისა და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ხანდაზმულთა თავშესაფრებში დავდივარ, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რა პირობებში უწევთ მათ ყოფნა. ხშირ შემთხვევაში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის პირობები, სადაც მათ თავიანთი ცხოვრების ბოლო წლების გატარება უწევთ, მათი მოვლის, ზრუნვის სტანდარტი უნდა გაუმჯობესდეს, ისევე, როგორც გარემო, სადაც ისინი იმყოფებიან. თუ ხანდაზმულთა კერძო თავშესაფარს, პანსიონებს საჯაროს შეადარებთ, აღმოაჩენთ, რომ ცა და დედამიწასავით განსხვავებულია. კერძო თავშესაფრები ვნახე, რომელიც ევროპული სტანდარტებითაა მოწყობილი.

ქვეყანაში, 19 სათემო და სახელმწიფო ხანდაზმულთა თავშესაფარია. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები მათ საცხოვრებელ პირობებთან, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ საქართველოში მოხუცთა კერძო თავშესაფრები ფუნქციონირებს, რომლებიც ყველანაირი რეგულაციის მიღმა დგანან. ხშირ შემთხვევაში, მათი არსებობის შესახებ არც არავინ იცის. მაგალითად, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, მშობლები ასეთი ტიპის კერძო დაწესებულებებში ჰყავთ გადაყვანილი. ეს დაწესებულებები ყოველგვარი კონტროლის მიღმა არიან, ჩვენ არ ვიცით, იქ რა ხდება. ხშირ შემთხვევაში, ჩვენს წარმომადგენლებს იქ არც უშვებენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რუსთავში, ქუთაისში ასეთი ტიპის დაწესებულებები არსებობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან მქონდა კომუნიკაცია. იმედი მაქვს, საკანონმდებლო ცვლილება დღის წესრიგში დადგება, რაც ამ სფეროს მოაწესრიგებს. ვიცით, რომ ეს ჯგუფი მოწყვლადია, არ ვიცით ასეთ დაწესებულებებში როგორია მათი მდგომარეობა, ყოფა, ეს ინფორმაცია ჩვენთვის მიუწვდომელია. აუცილებელია, სახელმწიფოს, სახალხო დამცველს ეფექტური კონტროლი ჰქონდეს, სულ მცირე, მონიტორინგის საშუალება მიეცეს.

თუ რამდენი კერძო თავშესაფარია, ამას ვერ მოგახსენებთ, რადგან ჩვენთვის ეს არ არის ცნობილი. მაგალითად, რაიონებში, სახლებში აწყობენ ოთახებს და იმ რაიონში მცხოვრები მოხუცები ჰყავთ. ჩვენ არ ვიცით, მოვლა რა სტანდარტით ხდება, როგორ ექცევიან მათ. ხშირ შემთხვევაში, ისიც არ ვიცით, სად არის ეს თავშესაფრები მოწყობილი. ეს სისტემური პრობლემაა, რომელსაც ეფექტური გადაწყვეტა სჭირდება. როგორც გითხარით, ქუთაისში და რუსთავში, ასეთი კერძო თავშესაფრები ფუნქციონირებს, სადაც ჩვენს წარმომადგენლებს არ უშვებენ. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრთან, მოადგილეებთან საუბარი მე პირადად მქონდა, მათ შორის, მერთან, გუბერნატორთან, რომ ეს საკითხი მოსაწესრიგებელია, ველოდები, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

რაც შეეხება სახელმწიფო თავშესაფრებს, არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ გამხდარა. თუმცა, ის გარემო, სადაც ისინი იმყოფებიან, საცხოვრებელ პირობებს ვგულისხმობ, თანამედროვე სტანდარტს არ შეესაბამება. კვება ყველაზე ნაკლები პრობლემაა და ყველაზე ნაკლებად ამას უჩივიან ხოლმე. გარემო, სადაც იმყოფებიან, ოთახები, ინფრასტრუქტურა მოძველებულია. სივრცე უნდა იყოს, სადაც გავლენ, ისეირნებ, ხშირ შემთხვევაში, ეზოც მოხუცებისთვის ადეკვატურად მოწყობილი არა. ისინი ფაქტობრივად, ჩაკეტილი არიან ამ სივრცეში და მათი გარე სამყაროსთან კონტაქტი იმდაგვარად არ არის უზრუნველყოფილი, როგორც ამას ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ”, - განაცხადა იოსელიანმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები