საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები, პროექტ ReInnova-ს ფარგლებში, კილის უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციებისა და კვლევების პროგრამა ReInnova-ს ფარგლებში, სტუ-ის თანამშრომლები - ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, პროექტის მენეჯერები - სტუ-ის დოქტორანტი ლუკა ქემოკლიძე და ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი მიქიაშვილი სამუშაო ვიზიტით კილის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სტუ-ის პროექტი - „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში - ReInnova“, რომელიც რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ავტორობით იქნა წარდგენილი, მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის, საქართველოს I2Q ინოვაციის, ინკლუზიისა და ხარისხის პროექტის (CIF) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. პროგრამა ReInnova-ს მიზანი, სტუ-სა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება, განათლების პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობის უზრუნველყოფა და სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესების გზით შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობაა.

როგორც სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე აღნიშნავს, ReInnova ითვალისწინებს უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და სამშენებლო ფაკულტეტების 6 საგანმანათლებლო პროგრამაში აღნიშნული პროექტის პილოტირებასა და საწარმოო პრაქტიკის სასწავლო მოდულის გაძლიერებას. პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას, კილის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ახორციელებს.

თეა მურვანიძის განმარტებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა სამუშაო ვიზიტი კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში სწორედ ReInnova-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელდა.

„ჩვენი ვიზიტის მიზანი კილის უნივერსიტეტში აპრობირებული და პრაქტიკაში დანერგილი ე.წ. ინოვაციების მრჩევლის - Innovation Advisor-ის ინსტიტუტის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ცოდნის გაზიარება იყო. მოგვეცა შესაძლებლობა, გაგვევლო ტრენინგი, რომლის სასწავლო მოდული, ამავე პროექტის ფარგლებში, კილის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა მოამზადა. თეორიული სწავლების გარდა, მოვინახულეთ ადგილობრივი კომპანიები და გავეცანით კილის უნივერსიტეტის „ინოვაციების მრჩევლებსა“ და ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკების, საქმიანობის დაგეგმვისა და განვითარების პროცედურებსა და რეალურ პრაქტიკას“, - აღნიშნავს თეა მურვანიძე.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, ასოცირებული პროფესორის, ბორის გითოლენდიას თქმით, „ინოვაციების მრჩევლის“ ინსტიტუტი კილის უნივერსიტეტში არაერთი წელია მოქმედებს და სწავლა-სწავლების პროცესში მას მრავალი სასიკეთო შედეგი მოაქვს. როგორც ბორის გითოლენდია აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი წლიდან იგეგმება ბრიტანელი კოლეგებისგან მიღებული ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარება ტრენინგ-სემინარების სახით.

„ბიზნესის ჩართულობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მაქსიმალურად ქმედითი უნდა იყოს. სწორედ ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ავტორობით შემუშავებული პროგრამა ReInnova-ს უმთავრესი მიზანი. კილის უნივერსიტეტში ვიზიტისას ამომწურავად გავეცანით „ინოვაციების მრჩევლის“ ინსტიტუტის მთავარ დანიშნულებას, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესში უზრუნველყოფს ბიზნესორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას და ამ გზით სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას უქმნის. კილის უნივერსიტეტში ვიზიტის შედეგად მიღებული ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარებას ტრენინგ-სემინარების სახით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვგეგმავთ. გარდა ამისა, რექტორისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნება „ინოვაციების მრჩევლის“ თანათავსებადი თანამდებობრივი პოზიციები, შესაბამისად, განახლდება სამსახურებრივი ინსტრუქცია, რითაც ამ პოზიციის მდგრადი ფუნქციონირების მიზნებიც განისაზღვრება“,- ამბობს ბორის გითოლენდია.

სტუ-ის ინფორმაციით, 2024 წლის მანძილზე, პროექტ ReInnova-ს ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთი ღონისძიება და აქტივობაა დაგეგმილი.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი