აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - რუსეთი აგრძელებს ანექსიონისტურ პოლიტიკას აფხაზეთთან მიმართებით - ეს პოლიტიკა დიდი ხანია ტარდება

რუსეთი აგრძელებს ანექსიონისტურ პოლიტიკას აფხაზეთთან მიმართებით. ეს პოლიტიკა დიდი ხანია ტარდება, - ასე შეაფასა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღებამდე, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთზე ძალიან ძლიერი ეკონომიკურ-პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.

„ყველა ე.წ. ხელშეკრულება, რაც მოსკოვსა და სოხუმს შორის არის დადებული, სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მიზანს. გუშინ რაც მიიღო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, ეს იყო ყველაზე მტკივნეული თემა, რომელიც ფაქტობრივად, 2 წლის განმავლობაში იხილებოდა აფხაზეთში და წელიწად ნახევრის განმავლობაში ძალიან აქტიურად. 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი და 2022 წლის ივნისიდან დღემდე, მთავარი განსახილველი თემა აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკები იყო. გუშინ ეს საკითხი მას შემდეგ გადაწყდა, რაც რუსეთმა აფხაზეთზე განახორციელა ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზეწოლა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ შეამცირა დაფინანსება, ელექტროენერგიის მიწოდება ანაზღაურებადი გახადა და თანაც რუსულ ფასში. რუსული ფასები ქართული ფასისგან ძალიან განსხვავებულია. 700 მლნ რუბლის გადახდა მოუწია დღემდე აფხაზეთს, ეს პირველად ხდება. იყო ფსიქოლოგიური, პოლიტიკური ზეწოლა აფხაზეთზე, აშკარა მუქარები. ყველაფერმა ამან დე ფაქტო ხელისუფლება აიძულა, ამ დანაშაულზე წასულიყო“, - განაცხადა გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში.

მისივე შეფასებით, საჭიროა საერთაშორისო საზოგადოებამ ამ საკითხს მეტი ყურადღება მიაქციოს.

„უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ ოკუპაციაზე, არამედ იმდენად აშკარაა მცოცავი ანექსიის პროცესის მიმდინარეობა, რომ ვერანაირად ვერ დახუჭავ თვალს აშკარა ფაქტზე. ბიჭვინთის აგარაკები, აეროპორტი, სადაც სამხედრო კომპონენტიც არის გათვალისწინებული. ეს მიმართულია ნატო-ს, ევროპის წინააღმდეგ. ამიტომ, დროა, დასავლეთმა მეტად ამოიღოს ხმა ამასთან დაკავშირებით და უფრო მკვეთრი, ზუსტი შეფასებები მისცეს იმას, რაც დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ხდება“, - განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს დილით რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა. შეთანხმების მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა გააპროტესტეს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება