აკრედიტაციის კომისიამ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, როგორც საავტორო, ისე მომიჯნავე უფლებების სფეროში აკრედიტაცია „ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას“ (IPOA) მიანიჭა.
„საქპატენტმა“, საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად კონკურსი მიმდინარე წლის 26 სექტემბერს გამოაცხადა.
IPOA-ს გარდა, კონკურსში მონაწილეობას იღებდა „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია“ (GCA) და „საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია“ (GNRA).
GCA, რომელსაც აკრედიტაციის მოთხოვნა საავტორო უფლებების ნაწილზე ჰქონდა გაკეთებული, ითხოვდა, რომ აკრედიტაციის კომისიას განაცხადის განხილვისა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მსჯელობისას ეხელმძღვანელა ორგანიზაციის იმ წესდებით, რომელიც არც განაცხადის წარდგენის ეტაპზე და არც აკრედიტაციის კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, არ იყო შესაბამისი წესით რეგისტრირებული.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით კი იურიდიული პირის წესდება რეგისტრირებული უნდა იყოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
აღსანიშნავია, რომ აკრედიტაციის კონკურსი 26 სექტემბერს გამოცხადდა და განმცხადებლებს დოკუმენტების წარმოსადგენად ორთვიანი ვადა ჰქონდათ.
იმის დასადგენად კი, აკმაყოფილებდა თუ არა განმცხადებელი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის მისანიჭებლად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით დადგენილ აკრედიტაციის მოთხოვნებს, კომისიამ იხელმძღვანელა ასოციაციის მოქმედი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირებული, წესდების რედაქციით და დაადგინა, რომ განმცხადებელი არ აკმაყოფილებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მნიშვნელოვან მოთხოვნებს, მათ შორის:
წევრებისთვის თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის გარანტიებს;
შესაბამისი უფლების კოლექტიური მართვის სისტემიდან ამორიცხვის მექანიზმს;
არაწევრ უფლების მფლობელებთან ურთიერთობის წესს;
ორგანიზაციის თავმჯდომარის სამართლიანი არჩევის წესს, რაც გულისხმობს, რომ ასოციაციის მოქმედი წესდება არ ითვალისწინებს შეზღუდვას ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის თაობაზე;
ასოციაციაში წევრად მიღება ხდება ასოციაციის გამგეობის მიერ მაშინ, როცა ასეთ გადაწყვეტილებას საერთო კრება უნდა იღებდეს;
წესდება არ ითვალისწინებს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესაძლებლობას;
კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ორგანიზაციის მოქმედ წესდებაში არ არის გათვალისწინებული დისტანციურად კრების ჩატარების შესაძლებლობას.
შესაბამისად, აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით, კანონის არაერთ მოთხოვნასთან შეუსაბამობის გამო, GCA კონკურსს გამოეთიშა. რაც შეეხება დანარჩენ ორ ორგანიზაციას - GNRA-სა და IPOA-ს, კომისიამ წარმოდგენილი მასალების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლის ეტაპზე დაადგინა, რომ ორივე აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.
იმის გათვალისწინებით, რომ როგორც GNRA, ისე IPOA აკრედიტაციას ითხოვდნენ მომიჯნავე უფლებების სფეროში (IPOA-ს აკრედიტაცია მოთხოვნილი ჰქონდა, როგორც მომიჯნავე, ისე საავტორო უფლებების მიმართულებით), კომისიამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამატებით იმსჯელა, რათა განესაზღვრა რომელი უფრო მეტად აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს.
კანონით განსაზღვრულია, რომ ორგანიზაციამ აკრედიტაციის მიღების მიზნით უნდა დაადასტუროს, რომ შეუძლია კოლექტიურად მართოს ქონებრივი უფლებები, მათ შორის, ჰყავდეს შესაბამისი პერსონალი, ჰქონდეს ჰონორარის შეგროვებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჰონორარის შეგროვების, განაწილებისა და გადახდის ეფექტიანი მექანიზმები (შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით).
აღნიშნულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასადასტურებლად GNRA-მ წარმოადგინა სხვადასხვა დოკუმენტაცია, მათ შორის, ინფორმაცია, რომ ორგანიზაციას გააჩნია ქალაქ თბილისში მდებარე 1 ოფისი, 2 თანამშრომელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, 2 ფიზიკურ პირთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება და 1 საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება.
ხოლო IPOA-ს მიერ ამავე პირობების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ორგანიზაციას გააჩნია 5 ოფისი. განსხვავებით კონკურენტისგან, IPOA-ს ოფისები განთავსებულია, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მას წარმოდგენილი აქვს 22 თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
ამ ნაწილში კომისიისთვის აშკარა გახდა, რომ IPOA-ს მიერ საქართველოს რეგიონების დაფარვა ამარტივებს ორგანიზაციის ურთიერთობასა და სერვისის მიწოდებას საავტორო და მომიჯნავე უფლებების როგორც მფლობელებთან, ისე უფლებით მოსარგებლეებთან. აღნიშნულ წარმომადგენლობას ამყარებს ორგანიზაციის შესაბამისი კვალიფიციური პერსონალი.
კომისიამ დაადგინა, რომ IPOA-ს წარმოდგენილი ჰქონდა დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდა, რომ მას აქვს ჰონორარის შეგროვების, განაწილებისა და გადახდის ეფექტიანი მექანიზმები (შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით).
GNRA-მ კი განაცხადში მიუთითა, რომ ჰორეკას სექტორში (სფერო რომელიც აერთიანებს სტუმარმასპინძლობის სექტორს და საკვების დამამზადებელ ინდუსტრიას) მომიჯნავე უფლებების იმ ნაწილისათვის, რომელსაც კოლექტიურად მართავს GNRA, კერძოდ, მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამების საჯარო შესრულებისთვის ჰონორარის შეგროვების უფლება, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, გადაცემული აქვს GCA-სთვის. ამის დასადასტურებლად, ორგანიზაციამ წარმოადგინა ხელშეკრულება მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამების საჯარო შესრულებისთვის ჰონორარის შეგროვების უფლების გადაცემის შესახებ.
გასათვალისწინებელია, რომ აკრედიტაციის კომისიის მიერ, ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ა(ა)იპ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის“ (GCA) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარი თქმის შესახებ, მათ შორის, იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციაში არ არის დანერგილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ის სამართლებრივი გარანტიები, რაც აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ჰონორარების სამართლიანი და გამჭვირვალე პრინციპებით შეგროვებას. ამრიგად, კომისია მიიჩნევს, რომ GNRA-სთვის შესაბამის უფლებებში აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში, შესაძლოა საფრთხე შეექმნას უფლებამფლობელების ჰონორარების სამართლიანი და გამჭვირვალე პრინციპით შეგროვებას და, შესაბამისად, შეგროვებისა და განაწილების პროცესს.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ GNRA-ს დამფუძნებლებისა და წევრთა ნაწილმა (192-დან 50 წევრი), 2023 წლის 18 დეკემბერს, წერილობით აცნობა კომისიას, რომ მათი მოთხოვნით ჩანიშნულია GNRA-ს რიგგარეშე კრება, სადაც განიხილება ორგანიზაციის გაუქმების/რეორგანიზაციის საკითხი, ამავდროულად კი კომისიის წევრებს სთხოვენ, რომ აკრედიტაცია მიენიჭოს IPOA-ს.
ზემოთ აღნიშნული, ასევე განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი, თუ კანონით გათვალისწინებული სხვა გარემოებების შესწავლის შედეგად, კომისიამ დაადგინა, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სამართავად აკრედიტაცია მიენიჭა ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას (IPOA)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.