პატრიარქი - დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს - ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო

სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ.

„ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში. მაგრამ უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს. ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო. სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო. მოგეხსენებათ ისიც, რომ ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ; შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა. წინ წამოიწია პრინციპმა, - ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემს რწმენას; მაშინ, როდესაც სწორედ რწმენა ღვთისა და მისმიერი მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც. დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე. ჩვენს ცხოვრებაში უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც, რასაც სამეცნიერო წრეებში მანქანური სწავლებით მიღებული ხელოვნური ინტელექტის მოდელს უწოდებენ. ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს. ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება? ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომლელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია, ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას. ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფვოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს. ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს“,- აღნიშნულია ეპისტოლეში.

საშობაო ეპისტოლე სრულად

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი