ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებაზე - შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ საკუთარი სიმართლე - ვხედავთ კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებებს, რაც ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ფინანსური მოგების მიზნით, მედიკამენტების ფასს შეთანხმებულად ზრდიდნენ და კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა, მიღებული გადაწყვეტილება შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„[ფარმაცევტულ კომპანიებს] შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ საკუთარი სიმართლე. ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა. ვხედავთ კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებებს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული ანუ ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში, მედიკამენტების ფასები 3-ჯერ და 4-ჯერ იყო გაძვირებული. სამწუხაროდ ეს პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა. კონკურენციის სააგენტოსგან ფაქტს რეაგირებაც მოყვა, კონკრეტული მტკიცებულებები ჩვენ, გასული წლის მარტის თვეში წარმოვადგინეთ. ამ კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოში ვერანაირი არგუმენტი ვერ წარადგინეს, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა და, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი დადასტურდა. ასეთი ფაქტი ჩვენს ქვეყანაში ასეთი მკაცრი რეაგირების შემდეგ, დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ განმეორდება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვართ. იცით, რომ ამისთვის სპეციალური ბაზებიც კი შევქმენით. მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე, მათ ნაშთებს, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას დეფიციტი და პრევენცია მოვახდინოთ. ონკოლოგიურ მედიკამენტს რაც შეეხება, იცით, რომ ონკოლოგიური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ვალდებულებას ამ წლიდან სახელმწიფო იღებს. შევძელით, რომ პაციენტებს, იანვრიდან, გარკვეულ მედიკამენტებს მივაწვდით.

ცხადია, ყველა მედიკამენტს სახელმწიფო ვერ იყიდის. ჩვენ რეფერენტული ფასწარმოქმნის პროექტი როცა დავიწყეთ, მაშინ კონსულტაცია გავიარეთ უცხოელ კონსულტანტებთან. მათი მკაცრი რეკომენდაცია იყო რეფერენტული ფასწარმოქმნა ძვირადღირებულ მედიკამენტებს, ამ შემთხვევაში, ონკოლოგიურ მედიკამენტებს არ შეხებოდა და წავსულიყავით პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უშუალოდ მწარმოებლებთან. შესაბამის გეგმასაც მივყვებით. კონკრეტული ხელშესახები შედეგებიც გვაქვს, სადაც ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ვზოგავთ. ამან იმის შესაძლებლობაც კი მოგვცა, რომ მიმდინარე წელს, ჩვენი მოსახლეობა, ონკოლოგიური პაციენტები ონკოლოგიური მედიკამენტებით სრულად უზრუნველვყოთ. რაც შეეხება ქრონიკულ მედიკამენტებს, მიმდინარე წელს, ჩვენ მოქალაქეებს, ვისაც ეს სჭირდება, მთელი წლის საჭიროებით, სრულად უზრუნველვყოფთ. ეს ეხება 400 ათას ადამიანს ქვეყანაში. შესაბამისი ბიუჯეტი და პროცედურული ნაწილი დასრულებულია და მიმდინარე თვიდან უკვე ამას შევძლებთ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმეს. მათივე ცნობით, “ავერსის”, "გეფას" ("ჯი პი სი" და “ფარმადეპო”), "პსპ"-სა და “მერმისის” მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფასების შეთანხმება, ფასების ფიქსაცია დადგინდა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა