პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებაში“ არჩევნების წინ დიდი სათადარიგო სკამი არ აქვთ - არ გამოვრიცხავ, რომ ერთი კანდიდატურა, რომელსაც ივანიშვილი პრემიერის პოსტისთვის ინახავს, სუს-ის უფროსი ლილუაშვილია

არ გამოვრიცხავ, რომ ერთი კანდიდატურა, რომელსაც ივანიშვილი პრემიერის პოსტისთვის ინახავს, სუს-ის უფროსი ლილუაშვილია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" წესდებაში შეტანილ ცვლილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, პრემიერ- მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარადგენს.

მანჯგალაძის თქმით, პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნების" შიგნით რამდენიმე ე.წ. დაჯგუფებაა.

„ივანიშვილი კულისებიდან მართავდა და ახლა გადაწყვიტა გააფორმალუროს ეს ყველაფერი. სახელმწიფო მეთაურს წარადგენს არა თავმჯდომარე, არამედ საპატიო თავმჯდომარე, ანუ "სულიერი ლიდერი". ეს იგივეა დაახლოებით, ირანში რომ ჰყავთ აიათოლა, სულიერი ლიდერი, ისეთივე ფუნქციები აქვს მათ საპატიო თავმჯდომარეს. ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ ივანიშვილმა კარგად დაინახა „ქართული ოცნების“ „კლანებს“ შორის ხალხის ძარცვის ხარჯზე დაგროვილი ქონება და ერთ დღესაც შეიძლება ივანიშვილისთვის კი არა, საკუთარი ქონების გადასარჩენად იბრძოლოს. ეს უფლება იმიტომ დასჭირდა ივანიშვილს, რომ „ქართული ოცნება“ გახრწნის ისეთ ეტაპზეა მისული, რომ ივანიშვილი კი არ არის სულიერი ავტორიტეტი, არამედ მათ მიერ ხალხის ძარცვის ხარჯზე დაგროვებული ქონება. ეს არის მსგავსი ხელისუფლების ჩამოშლის მთავარი წინაპირობა, როცა იბრძვიან არა სულიერი ლიდერის, არამედ საკუთარი ქონების გადარჩენისთვის.

„ქართულ ოცნებაში" არჩევნების წინ დიდი სათადარიგო სკამი არ აქვთ. მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთი კანდიდატურა, რომელსაც ინახავს ივანიშვილი, რაზეც არავინ საუბრობს და არის კულუარებში, ეს არის სუს- ის უფროსი ლილუაშვილი. ამის გარდა „ქართულ ოცნებაში" არანაირი რესურსი არ არის, რომ ვინმემ ღარიბაშვილზე უკეთ გააკეთოს საქმე „ქართული ოცნებისთვის“. ორი ჯგუფია, ერთი კალაძის დაჯგუფებაა და ისინი ცდილობენ კალაძის გამოყვანას, მეორე ჯგუფი ცდილობს ღარიბაშვილის შემდეგ მოვიდეს ლილუაშვილი,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა