პაატა იმნაძე - არაფერი განსაკუთრებული არ ხდება - წინა წლებში პირბადის ტარება იცავდა მოსახლეობას, დღეს ნიღაბი არავის უკეთია, შეიძლება ითქვას, რომ „აიშვეს“ და ვირუსებიც ამიტომ დაუბრუნდა „ჩვეულ ადგილს“

ბოლო 2 კვირაა, ქვეყანაში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. სისუსტე, სახსრების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა - გრიპის ვირუსით გამოწვეულ სიმპტომებს სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის. პარალელურად პედიატრები კლინიკებში გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსებით ინფიცირებული ბავშვების მომართვიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ. როგორია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სურათი, რომელი ვირუსი სჭარბობს ქვეყანაში და როდის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა ექიმს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ესაუბრა.

- ბატონო პაატა, როგორც ცნობილია, არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის მიხედვით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევები დომინანტია, ასევე, საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც. თუ შეგიძლია განმარტოთ, ამ დროისთვის რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში?

- ქვეყანაში ჩვენ მუდმივი მეთვალყურეობა გვაქვს 21 სახეობის ვირუსზე. ბოლო კვირის მონაცემებით, ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომლის პროცენტული მაჩვენებელი 40-ზე მეტს შეადგენს. ძირითადად, ეს არის H1N1 ვირუსი (ე.წ. ღორის გრიპი) რომელიც ე.წ. პანდემიური ვირუსია, მან 2009-2010 წლების პანდემია გამოიწვია, ახლა ის სეზონური ვირუსის სახით არის ჩამოყალიბებული. მცირე რაოდენობით ფიქსირდება H3-ც, რომელიც ასევე პანდემიური ვირუსი იყო.

ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც, რომლის მაჩვენებელი საკმაოდ ბევრია, 20%-მდეა. შესაძლოა, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ბავშვებში მძიმედ მიმდინარეობდეს.

რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. წინა წლებში კორონავირუსი იყო წამყვანი, ეს ვირუსებიც არსებობდა, თუმცა პირბადის ტარება იცავდა მათგან მოსახლეობას. დღეს, სამწუხაროდ, ნიღაბი არავის უკეთია. შეიძლება ითქვას, რომ ახლა „აიშვეს“ და ზამთრის პერიოდში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა ეს ვირუსები, რომლებიც 2 წელი არსად ჩანდა.

ბავშვები ისე გაიზარდნენ, რომ იზოლაციაში იყვნენ, ყველა ნიღბით დადიოდა და ამ ვირუსებით არ ყოფილან ინფიცირებულები. ბავშვები ახლა დაინფიცირდნენ ამ ვირუსებით და ავადობის მაჩვენებელი მათთან უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ბაღში არ დადის, წელიწადში 6 -12- ჯერ რომ გაცივდეს, ან ვირუსი შეხვდეს, ნორმაა. თუ ბავშვი ბაღში დადის, ეს მაჩვენებელი 18-მდე არის - წელიწადში ბავშვი 18-ჯერ რომ გაცივდეს ნორმაა. 200-მდე სხვადასხვა ვირუსია, რომელიც ზამთარში გაციების სიმპტომებს იწვევს. გამორჩეულია გრიპი, რომელიც შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

- რაც შეეხება სიმპტომებს, როგორ უნდა განასხვაონ ერთმანეთისგან გრიპის ვირუსი სხვა სეზონური ვირუსებისგან? ასევე, როგორია ვირუსული ინფექციების მკურნალობა? როგორ უნდა მოიქცეს მშობელი სახლის პირობებში?

- როგორც კორონავირუსის დროს, ახლაც, გრიპის ვირუსისთვის განკუთვნილი სწრაფი ტესტები არსებობს. სხვა ვირუსებზე ასეთი ტესტები, პრაქტიკულად, არ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ გრიპი იწყება უცებ, შესაძლოა, საათიც კი გახსოვდეს, როდის გახდი ავად. სხვა ვირუსები თანდათანობით იწყება. გრიპის დროს ინტოქსიკაციის შემთხვევა უფრო მეტია. მთავარია, იმის განსაზღვრა, თუ როდის უნდა მიმართონ ექიმს. ექიმს უნდა მიმართონ მაშინ, როდესაც ბავშვს 24 საათზე მეტი ექნება ტემპერატურა 39 გრადუსი და მეტი, ის დამწევ მედიკამენტს არ დაემორჩილება.

- როდის არის მიზანშეწონილი ანტიბიოტიკების გამოყენება? საჭიროებს ვირუსული ინფექციები ანტიბიოტიკოთერაპიას?

- სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის ანტიბიოტიკი, პირიქით, ამ დროს ანტიბიოტიკის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება, არცერთი ანტიბიოტიკი არცერთ ვირუსზე არ მოქმედებს. თუ გვიან ბაქტერიული ინფექცია განვითარდა, იქ შეიძლება დანიშნოს ექიმმა ანტიბიოტიკი. ზოგადად, ანტიბიოტიკი ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი! თუ სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს ექიმი უნდა ჩაერიოს. მოზარდების შემთხვევაში, ექიმს მაშინ უნდა მიმართონ, თუ სამი დღე გრძელდება მაღალი ტემპერატურა და არ ექვემდებარება სიცხის დამწვეს.

საყურადღებოა ჩირქოვანი, ან სისხლის შემცველი ნახველი, ბავშვის ტუჩების დალურჯება, სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღნიშნული სიმპტომები იჩენს თავს.

- დღეისთვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის რამდენი დოზა არის ხელმისაწვდომი?

- ყველაზე მთავარი მაინც აცრაა. 30 ათასი ვაქცინა ისევ მარაგში გვაქვს. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია აიცრას. ეს განსაკუთრებით ეხება რისკის ჯგუფებს, ორსულებს, ხანდაზმულებს, დიაბეტის მქონეებს და ასე შემდეგ. შესაძლოა, ორსულებში გრიპის ვირუსი ძალიან მძიმე ფორმებით მიმდინარეობდეს. ძალიან კარგი იქნება, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრათ ის ბავშვები, რომელთაც ჯერ არ შეხვედრიათ გრიპის ვირუსი, თავდაპირველად ძალიან მარტივად გადაიტანენ.

- სრულად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების ათვისება?

-დიახ, სრულად ხდება. გრიპის სეზონი მარტის ბოლომდე გრძელდება, დრო კიდევ არის. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს თუ აიცრები, ხვალ დაცული არ ხარ. 10 დღე - 2 კვირა სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას. დღეს თუ აიცრები და ხვალ ავად გახდები, ეს ვაქცინის ბრალი არ არის.

- ასევე, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, სანდო ტესტებზე, მკურნალობასა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყველაზე მეტად იმყოფება ინფექციის მძიმე რისკის ქვეშ. ამ მხრივ რა ვითარება გვაქვს ქვეყანაში? რამდენად არის უზრუნველყოფილი ვაქცინებზე წვდომა? რა ვითარება გვაქვს კორონავირუსთან დაკავშირებით?

- ვიცით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მხოლოდ 50% არის აცრილი. ისეთი არაკომპეტენტური ანტიპროპაგანდა წავიდა ვაქცინებზე, რომ რაც გვინდოდა სამიზნე მაჩვენებელი, ვერ მივაღწიეთ. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები, რომელიც მორგებული იქნება კორონავირუსის ახალ შტამებზე.

დღეს, კორონავირუსის ძალიან ცოტა შემთხვევა გვაქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტალღოვანი მიმდინარეობა ახასიათებს. 3% არის კორონავირუსის გავრცელება.

- დაბოლოს, რა შეგიძლიათ გვითხრათ კორონავირუსის ახალ შტამზე, კერძოდ, JN.1 და HV.1 -ზე. რამდენად სწრაფად ვრცელდება და რა სიმპტომები აქვს მას?

- აღნიშნული შტამები ჯერ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. მის კლინიკურ მიმდინარეობას წინამორბედებისგან სიმძიმის მიხედვით არავითარი განსხვავება არ აქვს. შესაძლოა, ერთადერთი ცოტა უფრო მეტად ახასიათებდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომი, კერძოდ ფაღარათი. უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელების პოტენციალი მას მეტი აქვს. ზოგადად, პანიკის საფუძველი არასდროს არსებობს, ყველაფერს რაციონალური მიდგომა სჭირდება. როგორც შეგვიძლია ისე დავიცვათ თავი, ნიღაბი გავიკეთოთ, ხელების დაბანა ყოველთვის კარგია, იქნება ეს კორონავირუსი, თუ სხვა ინფექცია.

თეონა ციხიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ვახტანგ ხმალაძე - როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ