ქეთევან თურაზაშვილი - პენსიონერებს ნამდვილად მეტი ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ - სახალხო დამცველის განცხადება, გადავადებული სესხების ძველ ჩარჩოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, დროული იყო

ამ ქვეყანაში პენსიონერებს ნამდვილად მეტი ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ. სახალხო დამცველის განცხადება, გადავადებული სესხების ძველ ჩარჩოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, დროული იყო, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი აცხადებს.

მისივე განმარტებით, ახლა ჯერი ეროვნული ბანკზეა.

„სახელმწიფო და რეგულაციები იმისთვის არსებობს, რომ კომერციულმა ბანკებმა ვერ გაბედონ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მოტყუება და დაჩაგვრა. ეს უკიდურესი უსინდისობაა, როდესაც გვარწმუნებენ, რომ პენსიონერების გატყავებით, უკანონოს არაფერს სჩადიან”, - განაცხადა თურაზაშვილმა.

მისი თქმით, ნათია თურნავას პარლამენტში საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე ელოდებიან. როგორც მან აღნიშნა, სწორედ, „მოქალაქეების“ ინიციატივითაა ჩანიშნული ინტერპელაცია, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ვალდებულია ეწვიოს პარლამენტს.

„საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე თითქმის, ოთხი კვირა რჩება, ეს ვადა სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ ქალბატონი თურნავა არა მხოლოდ ზეპირი პასუხებით, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებით მოვიდეს, რაც პენსიონერების ყოფას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ჩვენი მოთხოვნა არ გულისხმობს ბანკის ფინანსურ დაზარალებას, იგი გულისხმობს მისი თავგასულობის აღკვეთას და პენსიონერების ხარჯზე გამდიდრების შეწყვეტას!

ინტერპელაციის წესით კითხვებით ჩვენ მას ჯერ კიდევ გასულ წლის დასასრულს მივმართეთ და ჩვენი კითხვები, თავის თავში რეკომენდაციებსაც მოიცავს. იმედი გვაქვს, სულ მალე მივიღებთ პასუხებს არა მხოლოდ პასუხისათვის, არამედ ეს იქნება კონკრეტული ქმედებების შესახებ მოხსენება”, - აცხადებს თურაზაშვილი.

მისივე თქმით, საპარლამენტო ჯგუფის კითხვები მათ შორის მოიცავს ასეთ საკითხებს, აქვს თუ არა ინფორმაცია ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს, რა სახის საბანკო პროდუქტებს სთავაზობს სს ,,ლიბერთი ბანკი" პენსიონერებს; იყო თუ არა ეროვნული ბანკისთვის ცნობილი, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში 3-6 თვიანი ,,საშეღავათო პერიოდის" გამოყენებისთვის, სს „ლიბერთი ბანკი" პენსიონერებს სესხებს უხანგრძლივებდა 2-დან 4 წლამდე ვადით; სესხების ვადის შეუსაბამო გაზრდასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა ევროვნულ ბანკს შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციები, რას გულისხმობს ის და თუ არ აქვს რა მიზეზით; აქვს თუ არა ინფორმაცია ნათია თურნავას და ეროვნულ ბანკს, რომ სს ,,ლიბერთი ბანკი" პენსიონერებს უფორმებდა ეგრეთ წოდებულ „ოვერდრაფტებს" მათი სათანადო ინფორმირების გარეშე. როდესაც კომერციულ ბანკს აქვს კლიენტის ინფორმირების ვალდებულება, რასაც ,,ლიბერთი ბანკი" თავს არიდებდა, რა სახის რეაგირება მოჰყვა ეროვნული ბანკის მხრიდან.

„საპარლამენტო ჯგუფმა „მოქალაქეები" გასულ წელს გამოვითხოვეთ უწყებისგან ინფორმაცია, საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ერთიანი წესის შემუშავების თაობაზე.

ბანკის კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წელს ზემოაღნიშნული პრობლემით განცხადებით ეროვნულ ბანკს 900-ზე მეტმა პენსიონერმა მიმართა, მათ შორის რამდენიმე ასეულმა დაზარალებულმა პენსიონერმა სწორედ ჩვენი დახმარებით გაგზავნა წერილი.

ჩვენი მოსაზრებით აღნიშნული რიცხვი, საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონოდა შესაბამისი რეაქცია და შეემუშავებინა სათანადო რეკომენდაციები.

ჩვენ ეროვნულ ბანკს მივაწოდეთ ინფორმაცია რომ, მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან ნოემბრის ჩათვლით, შეიქმნა არაერთი პრეცედენტი, როდესაც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ,,მოქალაქეების" ჩართულობით და ძალისხმევით, მოქალაქეებმა მომართეს ეროვნულ ბანკს და მათი უნებართვოდ გაზრდილი სესხი, (რომელიც პანდემიის დროს გამოყენებული საშეღავათო პერიოდის გამო, სს „ლიბერთი ბანკის" მიერ გახანგრძლივდა 2-დან 4 წლამდე,) დაუბრუნდა ძველ ჩარჩოს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს , რომელსაც 2026 წლამდე უნდა ეხადა სესხი, 2023 წლის აგვისტოს თვეში დაუსრულდა სესხის გადახდის ვადა. შესაბამისად, საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით მყისიერად რატომ არ შეიმუშავა ბანკმა რეკომენდაციები, რათა სს „ლიბერთი ბანკს" გაეცა სრულყოფილი ინფორმაცია, კოვიდ პანდემიამდე აღებული სესხების ძველ ჩარჩოში დაბრუნების შესაძლებლობაზე და აღნიშნული ინფორმაცია მიეტანა მომხმარებლამდე. კითხვები კიდევ არაერთია.

ამ ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, ჩვენი პენსიონერების ამ მძიმე და უკანონო წნეხისგან გასათავისუფლებლად. არ გყოფნით ის მომართვიანობა, რომელიც პენსიონერებისაგან მოდის? ჩვენ ,,მოქალაქეები" ვაგრძელებთ შეხვედრებს პენსიონერებთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და ვაპირებთ ეს საქმე ბოლომდე, პენსიონერების დაკანონებული ძარცვის დასრულებამდე მივიყვანოთ“, - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა