თინა ბოკუჩავა - პოლიტიკური აქტორები, ასევე ადამიანები დიპლომატიურ წრეებში ღიად საუბრობენ, რომ ივანიშვილი ოლიგარქია - შესაძლოა, სანქციები, რომელიც მას შეეხება, უფრო ადრე ვიხილოთ, ვიდრე ეს ივანიშვილს წარმოუდგენია

პოლიტიკური აქტორები, ასევე ადამიანები დიპლომატიურ წრეებში, უფრო ღიად საუბრობენ, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი - შესაძლოა სანქციები, რომელიც მას შეეხება, უფრო ადრე ვიხილოთ, ვიდრე ეს ივანიშვილს წარმოუდგენია, - ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დანიის ელჩს ოპ-ედის, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს.

მისივე თქმით, ივანიშვილი, შესაძლოა, პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტზე პოლიტიკაში გამოჩენით, სანქციების არიდებას ცდილობს, რაც წარუმატებელი იქნება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილით დაწყებული, რომელიც ერთ დროს ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში მოიაზრებოდა, ევროპარლამენტარებით და ელჩებით დამთავრებული, უფრო და უფრო ღიად საუბრობენ პოლიტიკური აქტორები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ასევე დიპლომატიურ წრეებში ადამიანები, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ოლიგარქი, რომელიც მავნე ოლიგარქიულ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის მმართველობაზე, რაც კატეგორიულად შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ამისთვის აუცილებელია ამ ოლიგარქიული მმართველობის დასრულება. დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებში ღიად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს ივანიშვილს წარმოუდგენია ვიხილოთ სანქციების მორიგი პაკეტი, რომელიც შესაძლოა უკვე არა მხოლოდ მასთან დაახლოებულ პირებს შეეხოს, როგორიც ფარცხალაძეა, არამედ, უშუალოდ მას. შესაძლოა, მისი მმართველობის ლეგალიზების ეს მცდელობა პარტიის თავმჯდომარედ მესამედ პოლიტიკაში მობრუნების, სწორედ სანქციების თავის არიდებას უკავშირდებოდეს, თუმცა, როგორც არაერთმა ევროპარლამენტარმა განმარტა, ეს ძალიან უსუსური მცდელობაა და ამ პოლიტიკური მანევრით და „ტრიუკით“, მისივე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, სანქციებს ვერ აირიდებს”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების დამფუძნებელი“ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

მათივე ცნობით, ამის შესახებ ელჩი ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში წერს, სადაც საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღება აქვს განხილული.

„მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია, დაარსებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ხელისუფლებაშია 2012 წლიდან. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელმძღვანელობს, მუდმივად ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას და ხელისუფლებას სასამართლოების პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში ადანაშაულებს“, - წერს ელჩი.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს