„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „გუგლი“ გამოიყენონ და წაიკითხონ, რას ნიშნავს ოლიგარქის შინაარსი , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პარტიაში „თავისთვის რა თანამდებობას მოიგონებს, ის მაინც ოლიგარქად დარჩება“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ვინც ძალიან აღშფოთდნენ ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებაზე, უბრალოდ არ იციან, რას ნიშნავს სიტყვა - „ოლიგარქი“, ამიტომ „გუგლი“ გამოიყენონ და წაიკითხონ, რას ნიშნავს ოლიგარქის შინაარსი და მიხვდებიან, რომ ვერავინ ვერაფერს სხვას ბიძინა ივანიშვილს ვერ უწოდებს, გარდა იმისა, რომ ის არის ოლიგარქი.
მნიშვნელობა არ აქვს, თვითონ რას დაირქმევს, რომელიმე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს თუ რაიმე სხვა თანამდებობას მოიგონებს თავისთვის, ის ოლიგარქად რჩება“, - აღნიშნა სამადაშვილმა.
გარდა ამისა, სამადაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის დაბარებას გამოეხმაურა. სამადაშვილის თქმით, სისულელეა განაცხადებები, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩის შეფასება ჩვენს ქვეყანაში ოლიგარქთან დაკავშირებით არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.
სამადაშვილის თქმით, ევროპელი დიპლომატების მხრიდან უფრო მეტჯერ და უნდა ითქვას, თუ როგორ ქმნის ივანიშვილის გავლენა ევროპული მომავლის უზრუნველყოფას შეუძლებელს.
„ევროკავშირის მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი მოთხოვნა არის ჩვენი პოლიტიკური სისტემის დეოლიგარქიზაცია. დანია არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა სხვა წევრი სახელმწიფო, საკუთარ შეფასებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში იმ მოთხოვნების შესრულება, რომელსაც ევროკავშირი გვიყენებს. სისულელეა განაცხადი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩის შეფასება ჩვენს ქვეყანაში ოლიგარქთან დაკავშირებით, ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ დროა, რომ წერილი მისწეროს ევროკავშირს, რომ გადაიფიქრეს ევროკავშირში გაწევრიანება, აღარ უნდათ, უკვე ღიად დააფიქსირონ. იმიტომ, რომ ყველა შეფასება, რომელსაც ევროკავშირი აკეთებს მისი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით, მაშინ მათ შეუძლიათ ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევად ჩათვალონ.
ვფიქრობ, რომ უფრო მეტჯერ და გასაგებად უნდა ითქვას, მათ შორის, ევროპელი დიპლომატების, ჩვენი მოკავშირე ქვეყნების და სტრატეგიული მოკავშირეების წარმომადგენლების მხრიდან - ჩვენს ქვეყანაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენა როგორ ქმნის შეუძლებელს ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფას, ეს უნდა ითქვას უფრო გასაგებად“, - აღნიშნა სამადაშვილმა.
სამადაშვილი განმარტებით, იმ დროს, როცა ევროკავშირი ქვეყანაში დეოლიგარქიზაციას და დემოკრატიულ რეფორმების გატარებას ითხოვს, „ოლიგარქიულ რეჟიმს, მათ შორის მმართველ პარტიაში“ ამყარებს.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ არანაირი დემოკრატიული ელემენტები არ არსებობს.
„მე არ მიმაჩნია, რომ ახლა საინტერესოა სპეკულაცია, როდის ჩათვლის საჭიროდ ივანიშვილის დასანქცირებას დასავლეთი. დეოლიგარქიზაცია არის ევროკავშირის მოთხოვნა, ოლიგარქი საქართველოში არის ერთადერთი. მნიშვნელობა არ აქვს ის რას დაირქმევს საკუთარ შექმნილ ოლიგარქიულ პარტიაში, რა პოსტს დაიკავებს და როგორ გააფორმებს საკუთარ როლს. ერთი რამ არის ნათელი, ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს დეოლიგარქიზაციას, ამ დროს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არა მხოლოდ არაფორმალურად აპირებს, რომ მართოს ეს ქვეყანა, არამედ მან უკვე ფორმალური მმართველის როლი გაიფორმა. ფაქტობრივად კობახიძე არავინ აღარ არის, კობახიძეს უბრალოდ ჰქვია, რომ ის არის პარტიის თავმჯდომარე. ეს უბრალოდ აბსურდია.
წარმოიდგინეთ, ეს პარტია როგორ აბსურდულ მდგომარეობამდეა მისული. აქ საუბარი აღარ არის იმაზე, რომ პარტიაში არანაირი დემოკრატიული ელემენტები არ არსებობს, მე მგონი კომუნისტურ პარტიაშიც კი რაღაც შეიძლება შიგნით უფრო მეტი პოლიტიკური პროცესები იყოს, რომელსაც რაღაც ასე ვთქვათ, შეჯიბრის პრინციპი ჰქონდა. მოგვევლინა პარტია, რომელმაც ყოველგვარი არჩევნების გარეშე პოლიტსაბჭოში წინასწარ სია დაამტკიცა, უფრო სწორად მე პოლიტბიუროს ვუწოდებდი, იმიტომ, რომ კომუნისტური პარტიის ანალოგია. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პარტია კი არ ირჩევს, არამედ ბიძინა ივანიშვილი ნიშნავს. როდესაც შენ ევროკავშირი დეოლიგარქიზაციას, დემოკრატიულ რეფორმებს და ასევე, პოლიტიკურ სისტემაში მეტ დემოკრატიული ელემენტების შემოტანას გთხოვს, შენ კი ამყარებ ოლიგარქიულ რეჟიმს, მათ შორის მმართველ პარტიაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილს მიაჩნია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნება არის ძალიან მძიმე გამოწვევა, „ამიტომაც საჯაროდ ბიძინა ივანიშვილი გამოგორდა“.
„ქართული ოცნება“ ძალიან კარგად ხედავს, რომ შემდეგ არჩევნებზე ხელისუფლების შენარჩუნება მათთვის არის ძალიან მძიმე გამოწვევა. მათ მიაჩნიათ, რომ მათი აქტივი არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ გამოაგორეს და ამიტომაც ღიად, საჯაროდ ბიძინა ივანიშვილი გამოგორდა.
ეს კაცი და მისი პოლიტიკური ძალა არიან პროფესიონალი მატყუარები, აფერისტები. ამ ხალხმა იცის ერთადერთი რამე, როგორ შეიძლება თვითონ იშოვოს ფული თქვენი და ბიუჯეტის ხარჯზე. რა კორუფციაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი, თვითონ საიდან აქვს თავის დროზე ფული ნაშოვნი? ან კორუფცია ახლა შემოვიდა პრობლემად? „ქართული ოცნება“ მართვის დაწყების დღიდან არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება, რაც ამ ქვეყანას უნახავს“, - აღნიშნა დეპუტატმა.