ჯო ბაიდენი - იემენში ავიაიერიში ჩემი მითითებით განხორციელდა, არ დავუშვებთ, საფრთხე შეექმნას ნავიგაციის თავისუფლებას - უყოყმანოდ მივიღებ შემდგომ ზომებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი „ჰუსიტების“ ობიექტებზე ავიაიერიშს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

ჯო ბაიდენის განმარტებით, თავდასხმები მისი მითითებით განხორციელდა იემენში რიგი სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებსაც „ჰუსიტების“ იმისთვის იყენებდნენ, რომ საფრთხე შეექმნათ ნავიგაციის თავისუფლებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყლებში.

„აშშ და მისი მოკავშირეები არ მოითმენენ თავდასხმებს ჩვენს პერსონალზე და არ დაუშვებენ, რომ მტრულად განწყობილმა აქტორებმა საფრთხე შეუქმნან ნავიგაციის თავისუფლებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე", - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის ძალების მიერ, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით. ბაიდენი ირწმუნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ზომებსაც მიიღებენ.

”უყოყმანოდ მივიღებ შემდგომ ზომებს ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერის, რიში სუნაკის ინფორმაციით, "ჰუსიტების" ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში სამეფო საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ.

„გაერთიანებული სამეფო ყოველთვის მხარს დაუჭერს ნავიგაციის თავისუფლებას და ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს“, - აცხადებს სუნაკი.

მისი თქმით, „ჰუსიტების“ მიერ სავაჭრო გემებზე თავდასხმები სახიფათოა და ასე გაგრძელება შეუძლებელია. „მოვუწოდებთ მათ შეწყვიტონ თავდასხმები და მიიღონ ზომები დეესკალაციისთვის“, - აცხადებს სუნაკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს