აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი „ჰუსიტების“ ობიექტებზე ავიაიერიშს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეს იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.
ჯო ბაიდენის განმარტებით, თავდასხმები მისი მითითებით განხორციელდა იემენში რიგი სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებსაც „ჰუსიტების“ იმისთვის იყენებდნენ, რომ საფრთხე შეექმნათ ნავიგაციის თავისუფლებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყლებში.
„აშშ და მისი მოკავშირეები არ მოითმენენ თავდასხმებს ჩვენს პერსონალზე და არ დაუშვებენ, რომ მტრულად განწყობილმა აქტორებმა საფრთხე შეუქმნან ნავიგაციის თავისუფლებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე", - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
მისი თქმით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის ძალების მიერ, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით. ბაიდენი ირწმუნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ზომებსაც მიიღებენ.
”უყოყმანოდ მივიღებ შემდგომ ზომებს ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერის, რიში სუნაკის ინფორმაციით, "ჰუსიტების" ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში სამეფო საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ.
„გაერთიანებული სამეფო ყოველთვის მხარს დაუჭერს ნავიგაციის თავისუფლებას და ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს“, - აცხადებს სუნაკი.
მისი თქმით, „ჰუსიტების“ მიერ სავაჭრო გემებზე თავდასხმები სახიფათოა და ასე გაგრძელება შეუძლებელია. „მოვუწოდებთ მათ შეწყვიტონ თავდასხმები და მიიღონ ზომები დეესკალაციისთვის“, - აცხადებს სუნაკი.