ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის OpEd-ი - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო და გენოციდი

ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი OpEd-ს აქვეყნებს.

როგორც ელჩის მოსაზრებაშია აღნიშნული, „განსაკუთრებით მტკივნეულია გენოციდის ბრალდება ჰოლოკოსტის ფონზე და ისრაელის ღირებულებებთან დამოკიდებულების გათვალისწინებით, რომელიც სიცოცხლის უფლებას ყველაზე მაღლა აყენებს“.

ამასთან, ელჩის მოსაზრებით, „ეს არის უძველესი, მავნე და საზიანო მიდგომის თანამედროვეობაში გადმოტანის მცდელობა, დააბრალონ ებრაელებს მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები“.

„1944 წელს, ებრაელმა იურისტმა, რაფაელ ლემკინმა პირველად შემოიტანა გენოციდის განმარტება და ხელი შეუწყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის შემუშავებას მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ჰოლოკოსტის შემდეგ. გენოციდი, რომელსაც ხშირად „დანაშაულების დანაშაულად/უმძიმეს დანაშაულად“ განიხილავენ, განმარტებულია, როგორც „ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური მოტივებით მოსახლეობის ჯგუფის სრული ან ნაწილობრივი განადგურება“.

როგორც თავად მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განმარტა, თუნდაც მნიშვნელოვანი მასშტაბის ძალის გამოყენება „არ შეიძლება ჩაითვალოს გენოციდის აქტად“. გენოციდის ბრალდების არამართებული გამოყენების მზარდი რიცხვი შემაშფოთებელია და ქმნის საფრთხეს, რომ მას ჩამოსცილდეს განსაკუთრებული სტატუსი. თუ ყველა ომი გენოციდია, ტერმინი მნიშვნელობას კარგავს. და თუ სახელმწიფოები გამოვლენ ამ კონვენციიდან, რათა თავი აარიდონ მათ წინააღმდეგ ამ დოკუმენტის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობას, ეს დააზიანებს თავად გენოციდის კონვენციასაც.

7 ოქტომბერს "ჰამასმა" და სხვა ტერორისტულმა ჯგუფებმა ომი გამოუცხადეს ისრაელის სახელმწიფოს და ჩაიდინეს უპრეცედენტო სისასტიკე 1200 ისრაელელის მოკვლის, წამების, გაუპატიურებისა და სხეულთა დასახიჩრების ჩათვლით და მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი, მათ შორის ჩვილები, ხანდაზმული და ავადმყოფი ადამიანები. "ჰამასის" მიერ ჩადენილი ეს სისასტიკე არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ისევე, როგორც ამ ორგანიზაციის მიერ მძევლების მოპყრობა, რომლებსაც ჯერ კიდევ აწამებენ და არც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უშვებენ მათთან.

როგორც მოსალოდნელი იყო, მისი უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად და საკუთარი ტერიტორიისა და მოსახლეობის დაცვის მიზნით, ისრაელი იძულებული იყო გამოეყენებინა საპასუხო ძალა, რათა უზრუნველეყო ღაზის სექტორში მყოფი მძევლების, ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების გათავისუფლება და "ჰამასის" და სხვა შეიარაღებული ჯგუფებისთვის ისრაელის მოქალაქეებსა და ტერიტორიაზე შემდგომი თავდასხმების გაგრძელების შესაძლებლობის აღკვეთა, რისი „კვლავ და კვლავ და კვლავ“[1] განხორციელების ფიციც ამ ჯგუფებმა სრულიად ცალსახად დადეს.

შეუძლებელია ისრაელის დადანაშაულება საკუთარი მოსახლეობის შემდგომი თავდასხმებისგან ლეგიტიმურად დაცვის მიზნით მის ხელთ არსებული სამხედრო ძალის გამოყენების გამო, როგორც ამას ომის სამართალი ითვალისწინებს. ისრაელი თანმიმდევრულად და ლოგიკურად განმარტავს, რომ მისი თავდაცვის ძალების სამიზნე ტერორისტული ორგანიზაციების მებრძოლები და სამხედრო ინფრასტრუქტურაა და არა პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობა.

ინტენსიური ბრძოლები და სამოქალაქო ზიანის მასშტაბი ღაზაში დიდწილად "ჰამასის" სტრატეგიის შედეგია, რაც მისი მებრძოლების მშვიდობიან მოქალაქეებს შორის და მეჩეთებში, საავადმყოფოებში, სკოლებსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობებსა და ტერიტორიაზე განლაგებაში მდგომარეობს, რაც აშკარად წარმოადგენს ომის დანაშაულს. "ჰამასი" ფარად იყენებს ადამიანებს, ცდილობს გაზარდოს მსხვერპლთა რიცხვი და ამით გააძლიეროს ისრაელის წინააღმდეგ მიმართული საზოგადოებრივი აზრი.

ისრაელის თავდაცვის ძალები იძულებულნი არიან, აწარმოონ ასიმეტრიული ომი მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ტერიტორიაზე, რომელსაც "ჰამასი" ათ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში ამზადებდა სწორედ ამ მიზნით. ეს განსაკუთრებით ეხება გვირაბების უპრეცედენტო ქსელს დასახლებული ტერიტორიების ქვეშ.

2023 წლის 29 დეკემბერს, სამხრეთ აფრიკამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში წარადგინა სარჩელი ისრაელის წინააღმდეგ საქმის დაწყების მოთხოვნით, სადაც ის ისრაელს პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდში ადანაშაულებს. აღმაშფოთებელია გენოციდის კონვენციის ასეთი არასწორი გამოყენება ისრაელის წინააღმდეგ.

სამხრეთ აფრიკა საკუთარ სარჩელს ორ ბრალდებაზე აგებს, რომელთაგან ვერცერთი ვერ უძლებს კრიტიკას. პირველი ეხება მოკლული სამოქალაქო პირების რაოდენობას და ნგრევას ღაზის სექტორში. არავინ აყენებს ეჭვის ქვეშ, რომ ომი ღაზაში დამანგრეველია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. თუმცა, ეს არ მიუთითებს გენოციდის ფაქტზე. მეორე ბრალდება ეხება ისრაელის ახლანდელი ან ყოფილი ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც თითქოს ისინი საუბრობენ გენოციდის კონკრეტული განზრახვის შესახებ. მათ მიერ გამოყენებული სხვადასხვა ციტატა ისრაელის მიერ გენოციდის განხორციელების განზრახვის შესახებ არ არის დამაჯერებელი. ისინი არ ასახავს ისრაელის ქმედებას რეალობაში და ბევრი მათგანი ნათქვამი იყო ემოციურ ფონზე, 7 ოქტომბერს ჩადენილი მკვლელობებისა და ამაზრზენი სისასტიკის კვალდაკვალ. ეს ის ტრაგიკული მოვლენაა, რომელიც ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოს შეძრავდა. რა თქმა უნდა, ჯობდა, მსგავსი განცხადებები არ გაკეთებულიყო. თუმცა, ისინი ძალიან შორს არის უტყუარი განზრახვის ქონის გონივრული მტკიცებულებისგან. უფრო მეტიც, ეს განცხადებები სპეციალურად არის შერჩეული და უგულებელყოფილია ისრაელის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების ურიცხვი განცხადება, რომლებშიც ისინი განმარტავენ ისრაელის რეალურ და ოფიციალურ პოლიტიკას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შესაძლო ზიანის შემცირებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის შესახებ.

მიუხედავად ყველაფრისა, რეალური მტკიცებულება, რომ ისრაელს არ გააჩნია გენოციდის განხორციელების განზრახვა, არის მისი ურყევი და მუდმივი ძალისხმევა ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას (6,300 სატვირთო მანქანა უკვე შესულია ომის დაწყებიდან) და ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებსაც ისრაელი ახორციელებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, თავდასხმების გაფრთხილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ღონისძიებების გატარების ჩათვლით, რაც ხშირ შემთხვევაში, ზრდის რისკს ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის. დიახ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა აღნიშნა: „ისრაელმა გამოაქვეყნა იმ ადგილების ონლაინ რუკები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გადაადგილება და სადაც არ უნდა წავიდნენ. ეს რეალურად საკუთარი გეგმების გასაჯაროებაა და ძალიან ცოტა თანამედროვე სამხედრო ძალაა მსოფლიოში, რომელიც ამას გააკეთებდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ასე მოვიქცეოდით."[2] ეს არანაირად არ არის გენოციდის განზრახვა.

განსაკუთრებით მტკივნეულია გენოციდის ბრალდება ჰოლოკოსტის ფონზე და ისრაელის ღირებულებებთან დამოკიდებულების გათვალისწინებით, რომელიც სიცოცხლის უფლებას ყველაზე მაღლა აყენებს. ეს არის უძველესი, მავნე და საზიანო მიდგომის თანამედროვეობაში გადმოტანის მცდელობა, დააბრალონ ებრაელებს მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები“, - ნათქვამია ელჩის მოსაზრებაში.

[1] https://www.gov.il/en/Departments/General/swords-of-iron-faq-6-dec-2023#1

[2] https://www.whitehouse.gov/briefing-room/press-briefings/2023/12/13/press-briefing-by-press-secretary-karine-jean-pierre-and-nsc-coordinator-for-strategic-communications-john-kirby-33/

გიორგი კაჭარავა - რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე აფხაზეთში და ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის „სათავეში“, ძალადობრივი თუ სხვა გზით, რუსეთის „დამოკლეს მახვილი“ არსად გაქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს