გიორგი ამილახვარმა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამით არიან დაინტერესებულნი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი სტივენ ჯონსი ესწრებოდა.

სტუდენტებთან შეხვედრაზე მინისტრმა სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა და ახალგაზრდებს განათლების სამივე საფეხურზე მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გიორგი ამილახვარმა ყურადღება გაამახვილა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის არსებობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სამომავლო პროექტებზე მუშაობის პროცესში სამინისტრო აქტიურად იქნება ჩართული, რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია პირადად მინისტრისგან მიეღოთ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს გიორგი ამილახვარს საინტერესო შეხვედრისთვის. თავის მხრივ, დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა და სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტების ორკვირიანი ვიზიტი საქართველოში ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, 2022 წლის თებერვლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდა.

ქართველოლოგიის პროგრამის არასაკრედიტო კურსი განკუთვნილია ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის.

კურსი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს, შეისწავლიან საქართველოს ისტორია, ხელოვნება და კულტურა. კურსის მიზანია ამერიკელ სტუდენტებში საქართველოს შესახებ კვლევითი ინტერესის გაღვივება, ქართველოლოგიის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება აკადემიური და კულტურული ღონისძიებების მრავალფეროვანი პორტფოლიოს შეთავაზების გზით.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი