მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, მოქალაქეებს, რომ პიროტექნიკის გაუაზრებელ გამოყენებას, ზიანი და მძიმე შედეგები მოაქვს ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მოზარდებისთვის და, რა თქმა უნდა, ცხოველებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. ]
როგორც თურაზაშვილი აღნიშნავს, ბოლო ორმა კვირამ ნათლად დაგვანახა, რამდენადაა გაზრდილი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ჰუმანურობა.
„სადღესასწაულო დღეებში სრულებით გონივრულად იყო გამოყენებული მაშხალები. სასიხარულოა, რომ თითქმის აღარ ისმის ასაფეთქებლების ხმა, რომლის ერთად ერთი ფუნქციაც ხმაურის გამოწვევა და ვიღაცის შეშინებაა.
ვისურვებ ასეთი ერთიანი იყოს ჩვენი საზოგადოება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა თემებზეც, რადგან ჩვენმა ერთიანობამ ამ საკითხზე ყველასთვის დასანახი შედეგი გამოიღო. უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ძველით ახალ წელსაც მაშხალებს ჩვენი მოქალაქეები მხოლოდ სადღესასწაულო საათებში გამოიყენებენ.
ამის საფუძველი სწორედ ის საინფორმაციო კამპანიებია, რომლებშიც ჩვენ, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები აქტიურად ვიყავით და ვართ ჩართულები.
ისევ მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, მოქალაქეებს, რომ პიროტექნიკის გაუაზრებელ გამოყენებას, ზიანი და მძიმე შედეგები მოაქვს ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მოზარდებისთვის და, რა თქმა უნდა, ცხოველებისთვის. უმნიშვნელოვანესია ადამიანები მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ გარემოზე და რაც მთავარია სულ გვახსოვდეს რომ არსებობენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, რომელთათვისაც ახალი წელი მუდამ ტანჯვასა და ტკივილთან ასოცირდება. გვახსოვდეს, რომ არ უნდა გამოვიყენოთ მაშხალები ზოოპარკების სიახლოვეს, სადაც დაზაფრული ცხოველები შიშით კედლებს აწყდებიან და იხოცებიან, რის შესახებაც არაერთხელ მოგვიწოდა ზოოპარკის ადმინისტრაციამ. მასობრივად ფეიერვერკების გასროლით ზიანს ვაყენებთ და ვხოცავთ ფრინველებს.
გილოცავთ დამდეგ ძველით ახალ წელს, გისურვებთ 2024 წელი 2023 ზე ბევრად უკეთესი და გარდამტეხი ყოფილიყოს ადამიანის უფლებების და ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში!"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.