თენგიზ ცერცვაძე - ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება, თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდა, გარბის და მაშინვე ყიდულობს - არ შეიძლება!

ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება. თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდება, გარბის და მაშინვე ყიდულობს. ეს არ შეიძლება! არ არის სწორი, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გრიპის სამკურნალო ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ტამიფლუ“ ეფექტური მედიკამენტია, მაგრამ გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სათანადო ჩვენებების შემთხვევაში.

„ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება. თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდება, გარბის და მაშინვე ყიდულობს. ეს არ შეიძლება, არ არის სწორი!

„ტამიფლუ“ უნდა მიიღოს დამძიმების რისკის ჯგუფში მყოფმა პირებმა, კერძოდ მათ, ვინც არის 65 წლის ასაკის ზემოთ, ან 5 წლის ქვემოთ (განსაკუთრებით კი 2 წლის ქვემოთ), ასევე ორსულებმაც. გარდა ამისა „ტამიფლუ“ უნდა მიიღონ ნებისმიერი ასაკის პირებმა, რომლებსაც აქვთ სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები, რადგან ასეთ პაციენტებში უფრო მეტია გრიპის მძიმე მიმდინარეობის და გართულებების, მათ შორის ფატალური გართულებების რისკები. „ტამიფლუ“ ამსუბუქებს სიმპტომებს, აჩქარებს განკურნებას და საგრძნობლად ამცირებს გართულებების რისკს.

„ტამიფლუს“ მიღების ჩვენებაა აგრეთვე გრიპის დამძიმება. დამძიმებაში არ იგულისხმება მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაცია, ეს თითქმის ყველა შემთხვევას ახასიათებს. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა სუნთქვის უკმარისობის გაჩენა, ან პროგრესირება, რაც გრიპის დამძიმებაზე და/ან შესაძლო პნევმონიის არსებობაზე მიუთითებს.

ზემოთაღნიშნულ შემთხვევებში რეკომენდებულია „ტამიფლუს“ დანიშვნა და ჰოსპიტალიზაცია. ასევე, რესპირაციული ინფექციების დროს ხშირად ხმარობენ ანტიბიოტიკებს, რაც არ არის სწორი. რესპირაციული ინფექციების, მათ შორის გრიპის დროს, ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს, როდესაც ეჭვია ბაქტერიული ინფექციის განვითარებაზე.

გრიპის პრევენციის მთავარი ზომა მაინც არის ვაქცინაცია. სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 200 ათასი ვაქცინა ჯერ კიდევ არ გახარჯულა. ის არის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია. გრიპის ვაქცინა 40-60%-ით იცავს გრიპისგან. გარდა ამისა, ვაქცინირებულებში გრიპი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. რეკომენდებულია ასევე ხელების ხშირი დაბანა. სასურველია გრიპით დაავადებულმა ატაროს პირბადე. პირბადეების მასიური ტარება, როგორც ეს COVID-19-ის პანდემიის დროს იყო, რეკომენდებული არ არის“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

მან გრიპით გარდაცვალების შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წერს გრიპის შედეგად 20-მდე პაციენტი გარდაიცვალა.

„საქართველოში, გასულ წელს გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 20-მდე შემთხვევა გვქონდა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. 2024 წელს გრიპით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს. თითქოს, ბევრია რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რაოდენობა, ეს ხელოვნურ პანიკას იწვევს, მაგრამ ამ დროს, ლეტალური შემთხვევები არ გვაქვს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე აფხაზეთში და ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის „სათავეში“, ძალადობრივი თუ სხვა გზით, რუსეთის „დამოკლეს მახვილი“ არსად გაქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს