დღეს საერთო სამუშაო სივრცე ტერმინალში, საქართველოს და რეგიონის სტარტაპ ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი. საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი “აქსელი” და ადრეული სტადიის ვენჩურული ფონდი “Future Laboratory Ventures” ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის მთავარი ამოცანა ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის კაპიტალის ზრდა და ხელმისაწვდომობა იქნება.
მემორანდუმზე ხელი აქსელის თანადამფუძნებელმა გური ქოიავამ და Future Laboratory Ventures-ის მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ქაშიბაძემ მოაწერეს.
აქსელი და Future Laboratory განახორციელებენ ერთობლივ ტრენინგებსა და ვორქშოპებს საქართველოსა და რეგიონში ვენჩურული კაპიტალის მოცულობის ზრდისა და მეტი ინვესტორის ჩართვისთვის, როგორც ანგელოზ ინვესტირებაში, ასევე ვენჩურულ ფონდებში.
“აქსელისთვის და Future Laboratory-ისთვის უმნიშვნელოვანესია სტარტაპ და საინვესტიციო ეკოსისტემაში თითოეულ მოთამაშესთან კავშირები და მათთან ერთად საერთო მიზნების მიღწევის პროცესის დაჩქარება. Სწორედ ამიტომ, ორი ორგანიზაცია, ერთად ვიმუშავებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სტარტაპ დაფინანსების პროცესების კოორდინირებული ხელშეწყობისთვის და შეთანხმებულად მივაწვდით სხვადასხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს სწორ პრიორიტეტებს სტარტაპ და ვენჩურული ინვესტიციების ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით” - განაცხადა გური ქოიავამ.
აქსელი და Future Laboratory თავისუფალი საინვესტიციო კაპიტალის მქონე ადამიანებსა და ორგანიზაციებს დივერსიფიცირებულ და გამართულ მექანიზმებს შეთავაზებენ სტარტაპებში ინვესტირებისთვის. აღნიშნული პრინციპი მნიშვნელოვნად შეამცირებს მსგავსი ინვესტიციების სარისკო მაჩვენებლებს და გაზრდის სტარტაპების უკუგების ხარისხს.
ირაკლი ქაშიბაძე: “იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი საქართველოსა და რეგიონში საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარებაა, ორივე მხარე ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ პროცესზე, შესაბამისად: Future Laboratory თავის მხრივ დაეხმარება აქსელის მიერ დაფინანსებულ სტარტაპებს შემდგომი ინვესტიციების მოზიდვასა და საერთაშორისო ვენჩურულ ფონდებთან თანამშრომლობაში, ხოლო აქსელი Future Laboratory-ის მიერ ადრეულ სტადიაზე დაფინანსებულ სტარტაპებს საკუთარ ანგელოზ ინვესტორებს წარუდგენს, დამატებითი კაპიტალის მოსაზიდად. აქსელი ასევე Future Laboratory-ის ფონდს საკუთარ წევრებსაც გააცნობს, საინვესტიციო პორტეფილის დივერსიფიცირებისთვის.
ჩვენს შორის დადებული მემორანდუმი თანამშრომლობის პრეცედენტია კაპიტალის ბაზრის განსავითარებლად და წარმოადგენს კარგ მაგალითს, თუ როგორ უნდა შევქმნათ გამართული სისტემა ვენჩურული ინვესტიციების მიმართულებით და მივაღწიოთ დასახულ მიზანს - ვაქციოთ საქართველო რეგიონალურ ცენტრად ვენჩურული და ანგელოზი ინვესტიციებისთვის”.
ვიზუალებს მაღალი ხარისხით იხილავთ აქ: https://we.tl/t-p5OSyrlDP9