საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეში“ ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ყველას, ვინც უკვე თითქმის 77 წლის განმავლობაში გამოდიოდა „მოდინახეს“ სცენაზე და თქვენ, ახალგაზრდებო, წარმატებული სწავლის პარალელურად, ვინც, ასეთივე წარმატებით ითავსებთ მოყვარული მსახიობის როლს, გილოცავთ ქართული თეატრის დღეს, ნაყოფიერ შემოქმედებით საქმინობას გისურვებთ. ქართულ თეატრს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი - გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მაყურებლის წინაშე კი 1948 წელს წარსდგნენ. მთელი ამ 77 წლის განმავლობაში, თეატრი იყო და არის დიდი საინჟინრო სკოლის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. აქ ფეხი აიდგეს ისეთმა დიდმა მსახიობებმა, როგორებიც არიან: მურმან ჯინორია, გოგი გეგეჭკორი, გივი ბერიკაშვილი და სხვები. სასიხარულოა, რომ რეჟისორმა, ნუგზარ ბუცხრიკიძემ შეძლო თეატრის სიცოცხლის გახანგრძლივება და დღეს „მოდინახეს“ სპექტაკლები ანშლაგით მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის სახალხო-თეატრ სტუდია „მოდინახეში“, ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, თეატრ-სტუდია თავისი არსებობის ყველა ეტაპზე უნივერსიტეტის სახეს წარმოადგენდა. რექტორმა მადლიერება გამოხატა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის მიმართ, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც სამინისტრო და უშუალოდ მინისტრი, საუნივერსიტეტო თეატრისა და მოყვარული მსახიობების მიმართ ახორციელებს.

აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, „მოდინახეს“ სპექტაკლები უნივერსიტეტის სცენასა თუ გასტროლზე ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობს და მაყურებელთა დიდ მოწონებას იმსახურებს.

„რამდენიმე წლის წინ, რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა განაცხადა: „2020 წელი როგორც ქართული, ისე მსოფლიო თეატრისთვის მხოლოდ გაჩერების წელი კი არ იყო, არამედ უკან დახევისაც“. დიახ, პანდემიამ თითქმის ორი წლის განმავლობაში დააშორა ხელოვნება ხალხს. მიუხედავად, იმ დროს შექმნილი რთული ვითარებისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია, მისი ხელმძღვანელის თაოსნობით, საქველმოქმედო ღონისძიებებში იყო ჩართული და ასე, მაყურებლის გარეშე და მაყურებელთან ერთად, თეატრმა შეძლო ბევრი კეთილი საქმის გაკეთება. თეატრი იყო წინა ხაზზე, როცა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უკრაინელი კოლეგების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციები ჩაატარა. სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ ერთ-ერთი საუკეთესო დასია, რომელიც ათეული წლებია ტოლს არ უდებს პროფესიონალურ თეატრებს, მისი მოყვარულ მსახიობთა დასი კი მაყურებელს საინტერესო და მრავალფეროვან რეპერტუარს სთავაზობს. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს სტუდენტებს, თეატრს, რეჟისორს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს მხარდაჭერისთვის. რეჟისორმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს თეატრალურ საზოგადოებასა და თეატრისა და კინოს მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიას.

„მადლობა ყველას, განსაკუთრებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს. გულწრფელად ვამბობ, სწორედ რექტორის დამსახურებაა თეატრის ესოდენ დიდი წინსვლა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. „მოდინახე“ წარმატებით ატარებს გასვლით სპექტაკლებს რეგიონებსა და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც სწავლის პარალელურად, ასევე წარმატებით გამოდიან სცენაზე. მათ შექმნეს არაერთი საინტერესო სახე. მომავალი წინაა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოყვარული მსახიობები კიდევ არაერთი სპექტაკლით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე“, - განაცხადა ნუგზარ ბუცხრიკიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიის დასმა 2022 - 2023 წლებში დადგმული სპექტაკლებიდან ეპიზოდები შეასრულა. ასევე, სტუდენტმა მსახიობებმა ლადო ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის, შანდორ პეტეფის, იულიამ შექსპირის, ზურა გორგილაძის, რეზო სტურუას, გიორგი ჭანტურიასა და ქეთევან ქოქრაშვილის ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების დასასრულს კი, სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა სტუდენტი მოყვარული მსახიობები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა