საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროექტის - „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ ფარგლებში, საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ახალი საუნივერსიტეტო პროექტის - „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ ფარგლებში, სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, აბიტურიენტების, ასევე, დაინტერესებული პირების შეკითხვებს, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, ღიად, ლაივ რეჟიმში უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საზოგადოების წინაშე რექტორის პირველი ღია გამოსვლა, რომლის ტრანსლირება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან 67 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების ღირსსახსოვარ თარიღს, 16 იანვარს მიეძღვნა. რექტორმა საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ ინდივიდუალურად გაგზავნილ 49 შეკითხვას უპასუხა.

როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ღია გამოსვლის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პროექტი - „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების მასშტაბურ შეფასება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.

„ღია ეთერში გამოსვლა, გაურკვეულწილად, იმპულსურობაზე, მოულოდნელობებზეა აგებული და გამომსვლელის მხრიდან დიდ მობილიზაციას მოითხოვს, რადგან არასოდეს იცი, როგორი შეკითხვა შეიძლება გამოგზავნონ სტუდენტებმა, ახალგაზრდებმა, თუნდაც ჩემმა კოლეგებმა - ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს საუნივერსიტეტო სივრციდან ან გარედან ადევნებს თვალს, ვგულშემატკივრობს, ან პირიქით, კრიტიკულად არის განწყობილი. სასიხარულოა, რომ ჩვენმა ახალმა პროექტმა - „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ - სოლიდური აუდიტორია მოიზიდა და შეკითხვებიც საკმაოდ მრავალფეროვანი შემოვიდა. უპირველეს ყოვლისა, პროექტი დაგვეხმარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე მდგარი გამოწვევები გაცილებით მასშტაბურად შევაფასოთ, გავაანალიზოთ და მათ დასაძლევად მოქნილი სამოქმედო გეგმა შევიმუშაოთ და მისი განხორციელება გონივრულ ვადებში შევძლოთ. გარკვეულ შეკითხვებზე პასუხით საშუალება მომეცა ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში დანერგილი სიახლეების, სამეცნიერო მიღწევების, სწავლა-სწავლების პროცესის, კვლევების ინტერნაციონალიზაციის, გაცვლითი პროგრამების, სასწავლო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, მიმდინარე რეფორმებისა თუ პრობლემური საკითხების შესახებ საზოგადოებისა და განსაკუთრებით, სამიზნე ჯგუფებისთვის ინფორმაცია მიმეწოდებინა. მოხარული ვარ, რომ ჩემი პირველი ღია გამოსვლა ჩვენი უნივერსიტეტის დაარსების დღის მიჯნაზე შედგა და ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს მიეძღვნა. ხვალ, 16 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 102 წლის ხდება და ამ თარიღს დიდი სიხარულითა და უდიდესი პასუხისმგებლობით ვხვდებით. წარმატებას ვუსურვებ უნივერსიტეტს, ჩვენს სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს, ყველას, ვინც ტექნიკური უნივერსიტეტელის საპატიო სახელს ატარებს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის - „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ - განხორციელების ინიციატივა აკადემიკოს დავით გურგენიძეს ეკუთვნის. რექტორისთვის განკუთვნილი შეკითხვების გაგზავნა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ანონიმურობის სრული დაცვით, შეეძლო მიმდინარე წლის 9 იანვრიდან 14 იანვრის 17:00 საათამდე, როგორც სპეციალურად შექმნილ ბმულზე, ასევე, ავტომატურ რეჟიმში, უნივერსიტეტის ცხელ ხაზზე - 2 771 111. გარდა ამისა, შეკითხვების გაგზავნა რექტორის ლაივ გამოსვლის პროცესშიც იყო შესაძლებელი.

პროექტი - „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ - მომავალშიც გაგრძელდება. საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ღია სივრცეში ყოველ 15 იანვარს უპასუხებს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა