ჩინეთისა და ევროპული კავშირის ღირებულებები ფუნდამენტურად არის აცდენილი, ჩვენ ვერ ვიქნებით ორივე კლუბის ნაწილი, - ამით პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ჩინეთში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი შეაფასა.
როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე განაცხადა, „ლელო“ ჩინეთთან გარკვეულ დონეზე ურთიერთობებს ემხრობა, თუმცა არა ისეთი ტიპის პოლიტიკურ შეთანხმებით, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში არ არის.
"ჩინეთს აქვს თავისი განცხადებული მიზნები, ეს არის ჩინური სამყარო და მსოფლიო. რა თქმა უნდა, ჩინეთთან უნდა ივაჭრო. ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, დიახ, ჩვენ ვივაჭრებდით ჩინეთთან. რა თქმა უნდა, იმ ნათელი გააზრებით, რომ ჩვენ, როგორც მცირე სახელმწიფოს გვჭირდება პრაგმატიზმი და ეკონომიკური მიმართულებით დივერსიფიკაცია - ეს არის ურთიერთობის ერთი ნაწილი. მეორე მხარეს არის ისეთი სამარცხვინო პოლიტიკური შეთანხმებები, რომელიც ჩინეთთან რამდენიმე თვის წინ დადეს. სადაც წერია, რომ საქართველომ ჩინეთის პოლიტიკური გამოცდილება უნდა გაიზიაროს. ანუ წერია, რომ ჩვენ უნდა გავიზიაროთ ერთპარტიული დიქტატურის პოლიტიკური გამოცდილება, ამას შეიძლება ხელი მოაწერო?
ის ღირებულებები, რომელსაც ჩინეთი განასახიერებს და ის ღირებულებები, რომელსაც ევროპული კავშირი განასახიერებს, ერთმანეთს ფუნდამენტურად არის აცდენილი. ჩვენ ვერ ვიქნებით ორივე კლუბის ნაწილი. ვერ ვიქნებით ორივე მსოფლიო ნაწილი, ეს წარმოუდგენელია. ამას ჰქვია ტრანზაქციული პოლიტიკა“, - განაცხადა გეგელიამ.
გარდა პოლიტიკური ურთიერთობებისა, გეგელიამ უპასუხა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინეთის როლზე დასმულ კითხვასაც, როგორც გეგელიამ აღნიშნა, თუ ჩინეთი უნდა იყოს დომინანტური ძალა, ეს საქართველოსთვის პრობლემური იქნება.
გეგელიას თქმით, ანაკლიის პორტი მხოლოდ დასავლური ინვესტიციით უნდა დასრულდეს.
„ჩინეთი არ არის ისეთი მოთამაშე, რომელიც უპრობლემო აქტორად აღიქმება. საქართველოს ეროვნულ პოლიტიკასა და უსაფრთხოებას ნამდვილად არ სჭირდება ჩინეთის მიერ მართული და დომინირებული პორტი. ამასთან, ჩინეთს სხვა პორტებიც აქვს მიმდებარე ზღვებში და მისი ინტერესია, საკუთარი გავლების წრე შეკრას. ჩვენ უნდა დავასრულოთ ანაკლია დასავლური და საერთაშორისო ინვესტიციით“, - განაცხადა გეგელიამ.