ახალ მსოფლიო წესრიგში ქვეყნის სწორი პოზიციონირების გადამწყვეტი მნიშვნელობა - გაძლიერებული ბიზნესი, მდგრადი ეკონომიკა და პოლიტიკური სტაბილურობა.
საქართველოს თანამედროვე ისტორიის ახალი ფურცელია! კანდიდატის სტატუსის მონიჭება ჩვენი ქვეყნის სისტემური განვითარებისა და პროგრესის აღიარებაა. ევროპის ბაზარზე საქართველოს მიმართ ნდობის მატება, ქართულ პროდუქტზე და ბიზნეს საქმიანობაზე მოთხოვნის გაზრდა - ჩვენი ქვეყნის რეალური პერსპექტივაა.
ევროინტეგრაცია - ეს არის გზა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების იმგვარ დაკმაყოფილებას გულისხმობს, რაც შედეგად მოგვცემს ევროპული ხარისხის პროდუქტს, სერვისებს, შესაძლებლობებს. სწორედ აქ იკვეთება განათლებისა და ახალგაზრდა თაობის ნათელი, სწორი ხედვის მნიშვნელობა. ჩემთვის საამაყოა, რომ წარმოვადგენ სრულად ქართულ ბიზნეს ჯგუფს, სადაც უამრავი ახალგაზრდა სწორედ ამ სულისკვეთებით გვიერთდება, სწავლობს, მუშაობს, ვითარდება და ამით უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას.
ქვეყნის განვითარება ეკონომიკურ აღმავლობასა და პოლიტიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული. ევროკავშირთან ეფექტური ურთიერთობით ამ შედეგების მიღება გაცილებთ სწრაფად მიღწევადია. კაპიტალიზაცია, რომელსაც ევროპული პერსპექტივა გვისახავს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება, რაც ნიშნავს, ქვეყანაში რეალური, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გაზრდას, მიწის კაპიტალიზაციასა და ახალი ბიზნეს საქმიანობების გაჩენას.
მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ საქართველოში 2023 წელს დადებითი მაკრო პარამეტრები დაფიქსირდა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ 8 000 დოლარს გადააჭარბებს - დაახლოებით ორჯერ მეტი გასულ წლებთან შედარებით. ეს ქვეყნის სწორი პოლიტიკისა და თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია. ეს მიდგომა აუცილებლად, კიდევ უფრო მეტად, 2024 წელს აისახება ჩვენი ეკონომიკის თითოეულ მიმართულებაზე. ძლიერი ეკონომიკა კი, რეალური საზოგადოებრივი სიკეთის საფუძველია.
აუცილებლად ხაზგასასმელია, ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება ამ პროგრესში. ის იყო პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ქმედითი ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში ეკონომიკის გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარებისთვის. დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, საქართველოს ურყევი განვითარების ხელმეორე დადასტურებაა. ახლა ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხი პერიოდი იწყება. გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზრდება სტანდარტები, რომლის შესრულება მხოლოდ მისი მმართველობითი უნარით იქნება მიღწევადი.
KTW ჯგუფმა 10 წლის წინ, ბიზნესის დივერსიფიკაციით, ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ახალი საწარმოების დაარსებითა და მოქალაქეების დასაქმებით საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა ქართულ ეკონომიკაში. მომდევნო წლების მანძილზეც, ჩვენი კომპანია კვლავ იტყვის თავის სიტყვას ქვეყნის განვითარების გზაზე.
2024 წელი მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ეს იქნება შესაძლებლობების და მათი რაციონალურად გამოყენების წელი. ამიტომ, ყველამ ერთად, ჩვენი წილი პასუხისმგებლობით, ახალი პერსპექტივები ახალ, ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიურ რეალობად უნდა ვაქციოთ.
(R)