ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების ნახევარი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბუაძის თქმით, მან საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მთელი 2023 წლის განმავლობაში 5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე უძრავი ქონების ობიექტი სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.
„ჩვენ დღეს ვასაჯაროებთ საჯარო რეესტრიდან მიღებულ საგანგაშო ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოში რუსების შემოსევის კიდევ ერთ განზომილებას. ამ ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების ნახევარი მოდიოდა რუსეთის მოქალაქეებზე. მთელი 2023 წლის განმავლობაში, ისევე, როგორც უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ - 2022 წლის 1-ელი მარტიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, ჩვენ ვნახეთ საგანგაშო მონაცემები, სადაც 5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე უძრავი ქონების ობიექტი სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, რაც ადასტურებს უმწვავეს მოცემულობას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დატაცება რუსეთის მიერ. ეს არის ის გარემო, რომელიც რუსეთის სამსახურში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ” შექმნა აქ რუსეთის მოქალაქეებისათვის და ამავდროულად, ეს არის სრულიად ხელოვნური მოცემულობა, რომელიც თბილისში კვებავს აღვირახსნილ და ველურ სამშენებლო სექტორს. სადაც მხოლოდ თბილისში 5000 გაყიდული ბინიდან თითქმის ნახევარი მოდის რუსეთის მოქალაქეებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მთავრობა ხელს უწყობს რუსეთის მოქალაქეებს, რომ აქ ფეხი მოიკიდონ იმისთვის, რომ საქართველო და თბილისი მათი გართობის, დასვენებისა და თავშესაფრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმი გახდეს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
ბუაძის თქმით, „საქართველოს დაცვის აქტის“ მიხედვით, „ლელო“ მოითხოვს, რომ 9 მიმართულებით დაწესდეს კონკრეტული შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისათვის.
„მოთხოვნა ჩვენ შეტანილი გვაქვს „საქართველოს დაცვის აქტში“, რომელიც ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში. „საქართველოს დაცვის აქტის“ მიხედვით, „ლელო“ მოითხოვს, რომ 9 მიმართულებით დაწესდეს კონკრეტული შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისათვის, ეს არის: სავიზო რეგულაციები, უძრავი ქონების რუსებზე მიყიდვის შეზღუდვა, რუსული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეობის შეზღუდვა, რუსულ სანომრე ნიშნიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა, რუსული სადეზინფორმაციო საშუალებების საქართველოში შეზღუდვა და მათი ძირგამომთხრელი ფონდების საქმიანობის შეზღუდვა. ეს ყველაფერი გაერთიანებულია „საქართველოს დაცვის აქტში“ და დღეს ჩვენ მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რატომ არის აუცილებელი რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები იმისათვის რომ რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეები იქნას შეკავებული“, - განაცხადა ბუაძემ.
ცნობისთვის, საბა ბუაძის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, 2022 წლის პირველი მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის თბილისის სარეგისტრაციო ზონაში 5 148 უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 6 330 უძრავ ნივთზე. მათ შორის, 2 002 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2 394 უძრავ ნივთზე.
2023 წლის იანვრიდან მიმდინარე პერიოდისთვის თბილისის სარეგისტრაციო ზონაში 5 192 უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 6 138 უძრავ ნივთზე. მათ შორის, 2 014 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2 378 უძრავ ნივთზე.