ჩინეთთან ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი არ არის, აქ კითხვის ნიშანს აჩენს, რატომ დღეს? - როდესაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იყო, ძალიან ღიად აკრიტიკებდა ჩინეთთან არა სტრატეგიულ, არამედ ეკონომიკურ ურთიერთობებს, მაშინ სტრატეგიულ ურთიერთობებზე საუბარი არ იყო, - ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი შეაფასა.
კალანდაძის შეფასებით, მმართველი პარტიის ეს ქმედება არის საქართველოს გეოპოლიტიკური ვექტორის განეიტრალების პოლიტიკის ნაწილი.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოკავშირეები არიან დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფოს ნაწილები, ხოლო ჩინეთი არის კომუნისტური პარტია, რომელიც გამოკვეთილად ავტორიტარული მმართველობის ფორმით ხასიათდება.
„საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, რაც უფრო მეტი ეკონომიკური პარტნიორი, თუ სტრატეგიული მოკავშირე ეყოლება, ამაში ცუდი არაფერია. ამის საწინააღმდეგო თავისთავად არ შეიძლება რამე ჰქონდეს, ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკური კონტექსტი რომ არ იყოს. გეოპოლიტიკური კონტექსტი მდგომარეობს იმაში, რომ განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მსოფლიო რუკის ამ ნაწილში კონფიგურაციები ლაგდება და ვითარება. ეს პრობლემური არ იქნებოდა, აღნიშნული გეოპოლიტიკური სურათი რომ არ იყოს და ჩინეთი რომ დემოკრატიული სახელმწიფო იყოს, რომელიც დემოკრატიული თამაშის წესებით მოქმედებს და სხვა სახელმწიფოებთან შესაბამის ფორმატში ურთიერთობები შეუძლია. საქართველო ჯერ განვითარების იმ ეტაპზე არ არის, სადაც მას იმის ფუფუნება აქვს, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთოს. დღეს საქართველოს შესაძლებლობა აქვს არჩევანი გააკეთოს. საქართველოს მოკავშირეები არიან დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფოს ნაწილები, ხოლო ჩინეთი არის კომუნისტური პარტია, რომელიც გამოკვეთილად ავტორიტარული მმართველობის ფორმით ხასიათდება. ჩინეთთან ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი არ არის, აქ კითხვის ნიშანს აჩენს, რატომ დღეს? - იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“, როდესაც ოპოზიციაში იყო, ძალიან ღიად აკრიტიკებდა ჩინეთთან არა სტრატეგიულ, არამედ ეკონომიკურ ურთიერთობებს. მაშინ სტრატეგიულ ურთიერთობებზე საუბარი არ იყო, ასევე, მაშინ გეოპოლიტიკური კონტექსტი სრულიად განსხვავებული იყო, საქართველო მყარად იდგა ევროინტეგრაციის გზაზე, არავინ ამას ეჭვის ქვეშ არ აყენებდა, არც პარტნიორები და არც ქვეყნის შიგნით, ჩინეთი უბრალოდ ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირების პლატფორმა იყო.
ეს არის საქართველოს გეოპოლიტიკური ვექტორის განეიტრალების და დაბალანსების პოლიტიკის ნაწილი. მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული ინტერესი და სახალხო განაცხადი არის დასავლურ სივრცეში ინტეგრაცია „ქართული ოცნება“ ცდილობს აქ, ადგილზე გაანეიტრალოს ეს ვექტორი და დივერსიფიცირებული პოლიტიკა აწარმოოს ანუ ამ შემთხვევაში მას ჰქონდეს არა ექსკლუზიური ურთიერთობები დასავლეთთან, არამედ მან დასავლეთს დაუპირისპიროს ჩინური ინტერესები, ალტერნატიული ინტერესები რეგიონში. იმისთვის, რომ რეგიონში მყარი დასავლური გავლენა წარმოდგენილი არ იყოს. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც ისინი დასავლეთს სთავაზობენ“, - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
გარდა ამისა, კალანდაძის თქმით, საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაშია ჩინეთის პოზიცია უკრაინასთან და რუსეთთან მიმართებით.
„ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაშია ჩინეთის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით, ასევე, ჩინეთის პოზიცია ჩვენს ოკუპანტთან მიმართებით. როცა სტრატეგიულ მეგობართან ურთიერთობას იწყებ, რაღაც ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმდები, როგორიც არის მაგალითად: „თქვენ აღიარებთ ჩემს ტერიტორიულ მთლიანობას“, ამასაც კი არ აღიარებს ამ სტრატეგიული დოკუმენტით ჩინეთი. მაშინ, რომელ სტრატეგიაზე ვსაუბრობთ, რა ურთიერთობებზე ვსაუბრობთ? რისთვის კეთდება ეს? საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ხომ უნდა კეთდებოდეს, სად არის აქ ეროვნული ინტერესები წარმოდგენილი?! პარტნიორობა იმ მიზანს ემსახურება, რომ საქართველომ შეძლოს მრავალ პლატფორმაზე თავისი სახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესების გატარება. ამ შემთხვევაში, წარმოჩენილია ჩინური ინტერესები, ამავდროულად, ჩინეთის ინტერესები რეგიონში, რომელიც თანხვედრაში დასავლურ ინტერესებთან არ არის, რომელიც ჩვენი მოკავშირეა და რომლის ოჯახში ინტეგრაციასაც ჩვენ ვცდილობთ“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.