ყოველ 16 იანვარს, ისევე, როგორც ჩვენ დღეს, ჩვენი შთამომავლობა მადლიერებით მოიხრის ქედს ცოდნის უდიდესი ტაძრის წინაშე,- ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტის დაარსებიდან 102 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის აკადემიური საბჭოსა და სენატის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები. ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, მეუფე ანანია და სხვა მოწვეული სტუმრები.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, 2022 წელს, საერთაშორისო საზოგადოებამ, მთელს ქართველ ერთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილე იზეიმა.
მისივე თქმით, ეს იყო ღირსშესანიშნავი მოვლენა ქვეყნისა და მთელი რეგიონისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ასზე მეტი მაღალი რანგის მქონე, საპატიო სტუმარი, რომლებიც წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს წარმოადგენდნენ. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად იყო და არის ქვეყანაში უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალების სამჭედლო, რომლებსაც მაღალი დონის ცოდნითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ღირსეული წვლილი შეჰქონდათ და შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
„ერთიანობისა და თანამშრომლობის იმ სულისკვეთებით, რომლითაც მუდმივად გამოირჩეოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და განათლების ტრანსფორმაციული ძალის მტკიცე რწმენით ჩემი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მთავარი მიზანია უნივერსიტეტი კვლავაც ურყევად პოზიციონირებდეს როგორც ტექნოლოგიური წინსვლის ფლაგმანი, რომელიც აყალიბებს, არა მხოლოდ, საგანმანათლებლო ლანდშაფტს, არამედ ძირეულ გავლენას ახდენს ინდუსტრიისა და საზოგადოების განვითარებაზე. რექტორი გადამწყვეტ როლს ასრულებს უნივერსიტეტის იდენტობის ჩამოყალიბებაში და ამიტომ, ჩემი ამოცანაა განვამტკიცო გარემო, სადაც ცოდნა და კეთილსინდისიერებაა წამყვანი და სადაც უნივერსიტეტის თითოეული წევრის გულისცემა პროგრესის, წინსვლის და წარმატების ჭეშმარიტ, გულწრფელ სურვილთან რეზონირდება.
ამ შედეგის მიღწევა თანამედროვე, შრომის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაციით არის შესაძლებელი. შესაბამისად, ჩემი ამოცანაა მეტი ახალი, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამის შექმნისა და არსებული პროგრამების განახლების სტიმულირება და მხარდაჭერა, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი საგანმანათლებლო პროცესის შესაბამისობა ინდუსტრიის საჭიროებებთან, ტექნოლოგიურ ტენდენციებთან და გლობალურ მიღწევებთან. როგორც ტექნიკური განათლების ლიდერმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მეტად უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების, საინჟინრო და ტექნიკური განათლების საუკეთესო გამოცდილების ტრანსფერი თავის საგანმანათლებლო სივრცეში. გასულ წელს უნივერსიტეტს ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატება საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აღიარების კუთხით. ჩვენ მივიღეთ ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს - ABET - აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია, უნივერსიტეტი ემზადება კიდევ 5 პროგრამაზე ABET აკრედიტაციის მისაღებად. ასევე, საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად, იწყება მუშაობა ახალ პროგრამებზე ქიმიისა და მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით. თუმცა, აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურება, კურიკულუმებში სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და შესაბამისი კვლევების ინტეგრაციის უზრუნველყოფა, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ფართო ჩართულობით, არა მხოლოდ, სასწავლო, არამედ სამეცნიერო მიმართულებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია უნივერსიტეტში, მრავალ პროგრამაში დაინერგა კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპი და მიღებულია ხელშესახები შედეგები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მნიშვნელობას. გილოცავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 102 წლის იუბილეს! მჯერა, ჩვენი ალმა-მატერი, ჩვენი დედა-უნივერსიტეტი კიდევ მრავალ ასწლეულს მიითვლის. ღირსეული მამულიშვილების კიდევ არაერთი თაობა აღიზრდება ამ კედლებში და კიდევ დიდხანს, ყოველ 16 იანვარს, ისევე, როგორც ჩვენ დღეს, ჩვენი შთამომავლობა მადლიერებით მოიხრის ქედს ცოდნის უდიდესი ტაძრის წინაშე. ჩვენ ჩვენს მოვალეობას პირნათლად მოვიხდით - ვაჩვენებთ მათ უნივერსიტეტის სიყვარულის, მისდამი ერთგულებისა და თავდადების მაგალითს და მჯერა, რომ ეს მაგალითი მომავალი თაობისთვის ყველაზე კარგი და მტკიცე გაკვეთილი იქნება“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა.
ინფორმაციისთვის, 1918 წელს ქვეყნის გამოჩენილმა მეცნიერებმა შეძლეს პირველი ქართული ეროვნული განათლების კერის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა, სადაც 1922 წლის 16 იანვარს, საფუძველი ჩაეყარა პოლიტექნიკურ ფაკულტეტს, რომელიც მოგვიანებით უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. ასე იქცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო განათლების პირველ კერად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. დაარსებიდან დღემდე უნივერსიტეტმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა საინჟინრო და ტექნიკურ მეცნიერებათა განვითარების საქმეში და ეროვნული საინჟინრო კადრების მომზადებაში.