აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, დადიანის ქუჩაზე, კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, მიზეზი ისაა, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახლში 2 არასრულწლოვანი ცხოვრობს.

მათივე განმარტებით, აღსრულების ბიურო მხარეებთან კომუნიკაციას გააგრძელებს, რომ შეთანხმება შედგეს.

„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქართველოს სააღსრულებო შესახებ კანონის 31-ე მუხლის საფუძველზე, გამოსახლება გადადო, ვინაიდან ოჯახი არის სოციალურად დაუცველი და ასევე, ამ სახლში ცხოვრობს 2 არასრულწლოვანი. სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით, მათ მიეცათ დამატებით დრო პრობლემის მოგვარებისთვის. აღსრულების ბიურო გააგრძელებს მხარეებთან კომუნიკაციას იმისთვის, რომ საქმე ნებაყოფლობით და შეთანხმებით დასრულდეს", - განმარტავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

მიუხედავად გადაწყვეტილებისა, ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები და ოჯახის მხარდამჭერები დაშლას არ აპირებენ.

ისინი ფიქრობენ, რომ გამოსახლების პროცედურის გადადება მათ გამარჯვებას და ხელისუფლების მარცხს ნიშნავს.

ცნობისთვის, დადიანის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიურო კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლებას დღეს გეგმავდა. როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მარიამ კაკიაშვილი აცხადებდა, მან 2014 წელს კერძო მევახშისგან ისესხა 5 ათასი დოლარი, რომლის გადახდაც ვერ შეძლო და საბოლოოდ, ბინა აუქციონზე გაიყიდა, რომელიც იმ კერძო მევახშემ შეისყიდა, რომლისგანაც მან თანხა ისესხა.

მარიამ კაკიაშვილის განმარტებით, მას მევახშე, დაახლოებით, 20-25 ათასი დოლარის გადახდას სთხოვდა.

კაკიაშვილის თქმით, მისთვის ქირით გადასვლა მიუღებელია. ის ასევე განმარტავს, რომ ომის ვეტერანია და 3 შვილის დედა და ამ სახლში 2 არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

მარიამ კაკიაშვილი ითხოვს კონკრეტულ ვადას, რომ დაკისრებული ფინანსური ვალდებულების გადახდა შეძლოს.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა