ტანას და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 80 000 ქვირითით დათევზიანდა, რაც აღნიშნულ დაცულ ტერიტორიაზე პოპულაციის აღდგენისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, დათევზიანების პროცესში მონაწილეობა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მიიღო.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების აღდგენა, დაცვა და შენარჩუნება.
„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს მდინარეების დათევზიანების აქტივობას სხვადასხვა ტერიტორიაზე და ეს თუ სხვა ანალოგიური პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს სახეობების ხელოვნურად მოშენებას და გამრავლებას, მანამდე გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იარსებებს“, - განაცხადა იური ნოზაძემ.
„დათევზიანების პროცესში მონაწილეობას ასევე იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით იოსებაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარლო ამირგულაშვილი, ველური ბუნების სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის წარმომადგენლები.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა. ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა.
შიდა ქართლში ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები 2022 წელს დაარსდა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მრავალფეროვნებით. მდინარეების დათევზიანების ღონისძიება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, შესაბამის უწყებებთან ერთად, ტანას და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე უკვე მეორედ განახორციელა”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.