დავით დარჩიაშვილი - „შავი გედის“ ფაქტორი გვჭირდება - რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რაც ოპოზიციაში ვიღაცებს გაერთიანებისკენ უბიძგებს

მათ [ოპოზიციას] მუდმივად აშინებთ ის, რომ მათი ნაწილი ასე თუ ისე ასოცირდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღთან, წარსულთან და ეს აფიქრებინებს მეორე მხარეს, იგივე „ლელოს“, ღირს თუ არა, რომ გაერთიანდნენ - დაქსაქსულობა კიდევ უფრო პრობლემაა - აქ „შავი გედის“ ფაქტორი იქნება გადამწყვეტი, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, თუ ოპოზიციური პარტიები „მოინდომებენ“, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდი, „შეიძლება ამ პრობლემების გადალახვის საშუალებას იძლეოდეს“.

„მათ მუდმივად აშინებთ ორი რაღაცა - ერთი ის, რომ მათი ნაწილი ასე თუ ისე ასოცირდება „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღთან, წარსულთან და ეს აფიქრებინებს მეორე მხარეს, იგივე „ლელოს“, ღირს თუ არა, რომ გავერთიანდეთ; ამის გამო ხომ არ დავკარგავთ ამომრჩევლის ნაწილს. მეორე მხრივ, ეს გადაულახავი ეჭვიანობა ერთმანეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, ვის რა წარსული ჰქონდა, ვინ რა ნიშას, პოზიციას დაიკავებს, ვინ რამდენი პროცენტის მომტანია, ვისი ადგილები სიაში რა რაოდენობით იქნება წარმოდგენილი და ა.შ. ესეც გარკვეულ უთანხმოებას ქმნის და ეს გადასალახია ყველანაირად. გასაგებია ეს წუხილები, შიშები შეიძლება ლოგიკური იყოს, მაგრამ დაქსაქსულობა კიდევ უფრო პრობლემაა, ვიდრე ეს წუხილები, რასთანაც არის დაკავშირებული.

[გადალახავენ] თუ მოინდომეს, რამდენიმე თვე შეიძლება ამის საშუალებას იძლეოდეს. მაგრამ მთლიანობაში მგონია, რომ მაინც და მაინც, დიდი პერსპექტივები არ ჩანს. აქ „შავი გედის“ ფაქტორი იქნება გადამწყვეტი. „შავი გედი“ გვჭირდება - რაღაცა ისეთი უნდა მოხდეს, რაც ვიღაცებს გაერთიანებისკენ უბიძგებს, ვიღაცებს საბოლოოდ გადააწყვეტინებს, რომელი ძალა არის ამ ეტაპზე მისაღები“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

გარდა ამისა, დარჩიაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მას გააჩნია გარკვეული სოციალური სეგმენტის მხარდაჭერა, მაგრამ არ ჰგონია, ეს სეგმენტი დიდი იყოს“.

„მგონი, ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე. მათ, ბუნებრივია, გააჩნიათ გარკვეული სოციალური სეგმენტის მხარდაჭერა, მაგრამ არ მგონია, ეს სეგმენტი დიდი იყოს. იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ მომხრეების დაშლა-დაქსაქსვაზე, მათი ხმების წართმევაზე აქვთ ორიენტაცია აღებული. „ოცნება“ ხომ რაღაც იდეების გამო შეკავშირებული ძალა არ არის, ეს არის წმინდა ცინიკურად ფინანსური ინტერესების დაჯგუფება, გაერთიანებული ერთი კაცის ირგვლივ. ამ დაჯგუფების ქსელები, გნებავთ საცეცები, იმის გამო, რომ აქვთ ფული და ადმინისტრაციული რესურსი, მიდის ძალიან ღრმად. ყალიბდება ეს კლანური სტრუქტურა, ჩაშლილია სოფლების დონეზე. ამიტომ, მისი ასე დაშლა, იმიტომ რომ გახარიას უნდა, მაინც გადაჭარბებული მოლოდინი იქნება“,- აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ამასთან, პარტია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას, პროფესორმა განაცხადა, რომ პარტია „თავისი ისტორიული სტატუსის ტყვეა. ეს მათ უშლის ხელს, რომ რეალურად აწონ-დაწონონ თავისი შესაძლებლობები და უფრო აქტიურად იფიქრონ კოორდინაციაზე სხვა ძალებთან“.

გარდა ამისა, დარჩიაშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სისულელეა, დასავლეთის ბრალდება იმაში, რომ აქ რაღაც პოლიტიკურ ინტრიგებს მართავენ“.

„მე ვფიქრობ, უმეტესობა [პარტნიორები] ფიქრობს, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, იმიტომ, რომ მათთან ურთიერთობა მოლიპულ გზაზე სიარული აღმოჩნდა. მეორე მხრივ, სავსებით შესაძლებელია რომ „ლელო“, სალომე ზურაბიშვილი და სხვა ძალები კიდევ უფრო დაახლოვდნენ, კოორდინირებულად იმოქმედონ. ასეთ სცენარს აბსოლუტურად ვუშვებ“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო