საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის (ბაქო) საპატიო დოქტორის წოდება ორ უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო-სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობისთვის მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუ-ის რექტორს საპატიო ჯილდო აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიულჩოხრა მამედოვამ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაქოში, აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამართული აკადემიური საბჭოს სპეციალურ სხდომაზე, საქართველოს დელეგაციის ვიზიტისას გადასცა.

ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია და KIU-ს რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე, აზერბაიჯანულ უნივერსიტეტს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სპეციალურ სხდომაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების, აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების, ასევე, ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებისა და ახალგაზრდა თაობების მეტად დაახლოების საკითხებზე, რისი მიღწევაც ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ინტენსიურად განხორციელების გზით არის შესაძლებელი.

„განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალი ათეული წელია ღრმა პარტნიორული ურთიერთობები აქტიურად და მაღალ დონეზე ვითარდება. ქართული მხარე ამ მიმართულებით კოლაბორაციის კიდევ მეტად გაფართოებითა და გაღრმავებით არის დაინტერესებული. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის, ემინ ამრულაევის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით არაერთი შეხვედრა შედგა საქართველოსა და აზერბაიჯანში. ამჟამადაც, საქართველოს დელეგაცია, მინისტრ გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბაქოში. ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტში შედგა. გარდა ამისა, ვიმყოფებოდით აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში (ADA), შევხვდით რექტორს, პროფესორ ჰაზიფ ფაშაევს, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, სტუდენტებს, ვეწვიეთ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც რექტორ, პროფესორ ელჩინ ბაბაევთან, აკადემიურ საბჭოსთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, ვიმსჯელეთ მრავალ მნიშვნელოვან საკითხსა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, რაც ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას გაცილებით გააძლიერებს და სამეცნიერო კოლაბორაციას, თვისობრივად, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პარტნიორული ურთიერთობების მეტად გაღრმავებას“, - აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სპეციალურ სხდომაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანული უნივერსიტეტის რექტორებმა ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ურთიერთგაგების განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დავით გურგენიძის განცხადებით, დოკუმენტის თანახმად, მხარეები გააძლიერებენ კოლაბორაციას ერთობლივი კვლევითი პროექტების, ერთობლივი და ორმაგი სადიპლომო პროგრამების შემუშავების, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლითი, სტაჟირებისა თუ კულტურულ-შემოქმედებითი პროგრამების გააქტიურების, ერთობლივი საგანმანათლებლო-მეთოდური და პრაქტიკული ბაზების ამოქმედების, ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო სადისერტაციო საბჭოების დაფუძნების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ორ უნივერსიტეტს შორის მრავალმხრივი კოლაბორაციის გაღრმავებას, ასევე, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეების მეტად დაახლოებას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს დელეგაცია მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე წულაძის, მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე თევზაძის შემადგენლობით ესწრებოდა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა