ივანიშვილის კორუფციულ-ოლიგარქიულ იერარქიაში კობახიძე წინაურდება და ახლა ის გაცილებით მეტს მოიპარავს - მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი უკვე მოპარულს შეირგებს, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხის ძარცვა 2024 წლის არჩევნებზე უნდა დასრულდეს.
„ივანიშვილის კორუფციულ-ოლიგარქიულ იერარქიაში წინაურდება კობახიძე და ახლა ის გაცილებით მეტს მოიპარავს, მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი შეირგებს უკვე მოპარულს.
ღარიბაშვილმა უზომოდ ბევრი მოიპარა, იმდენი რომ საკუთარ სტუდენტ შვილს 100 000 ლარიანი ჩარტერით უშვებდა „სასწავლებლად“, მაშინ როდესაც სხვისი სტუდენტი შვილები გადაჭედილ ავტობუსში ვერ ადიან, ეს ავტობუსები საცობში დგას და თითოეულიდან 100 000 ევრო „კალაძის კლანს“ ჯიბეში ჩადებული აქვს.
ეს სტუდენტები სამსახურებში ვერ მიდიან, სადაც 600-800 ლარზე ღამეს ათევენ, რომ საკუთარი სწავლის საფასური გადაიხადონ.
ღარიბაშვილმა ბევრი მოიპარა და შეარგო ამ ეტაპზე, მანამ სანამ დიდი ცვლილება არ მომხდარა ქვეყანაში.
ცვლილება, რომელიც ახალ მთავრობას მოიყვანს, რომელიც ხალხს მოემსახურება და რომლის მიზანიც „ოცნების“ მსგავსად ხალხის ძარცვის ხარჯზე გამდიდრება კი არა, საქართველოში ინვესტიციების შემოტანა და მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.
ამით მხოლოდ ის შეიცვლება, რომ ივანიშვილის კორუფციულ იერარქიაში როლები გადანაწილდება, შემდეგ კობახიძე მოიპარავს მეტს, მაშინ როდესაც ღარიბაშვილი შეირგებს უკვე მოპარულ ასეულობით მილიონს.
ეს არის ხალის შეურაცხყოფა და ხალხის ძარცვა, რაც 2024 წლის არჩევნებზე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.