ჯაბა სამუშია - თსუ-მ აკაკი ჩიქობავას აკადემიური საბჭოს დონეზე შუამდგომლობა გამოუცხადა შესაბამის უწყებებთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აკაკი ჩიქობავას აკადემიური საბჭოს დონეზე შუამდგომლობა გამოუცხადა შესაბამის უწყებებთან , - ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ 23 იანვარს თსუ-ს ლექტორის, აკაკი ჩიქობავას თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჯაბა სამუშიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, აკაკი ჩიქობავასთან დაკავშირებით თვითონაც მოაწერა ხელი სასამართლოსთან შუამდგომლობას.

“მინდა გითხრათ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელმაც აკაკი ჩიქობავას აკადემიური საბჭოს დონეზე შუამდგომლობა გამოუცხადა შესაბამის უწყებებთან. ამავდროულად, გუშინწინ ხელი მოვაწერე და გადავეცი ადვოკატს პირადად ჩემი შუამდგომლობა სასამართლოსთან მიმართებაში, ეს არის ის, რაც უნივერსიტეტმა ამ მიმართულებით გააკეთა. სამწუხაროდ, ის მოთხოვნები, რაც არის მევახშეობის მიმართულებით, ასევე, გამოცდების ჩაშლასთან მიმართებით, ეს არის აბსურდი, ეს შეუძლებელია. საგანმანათლებლო პროცესი არის ის მიმართულება, რაზეც უნივერსიტეტია შექმნილი და უნივერსიტეტისთვის პრობლემის შექმნა ცოტა უხერხულია”,- განაცხადა სამუშიამ.

ამასთან, რექტორმა უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენლების უნივერსიტეტიდან გაყვანასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტს დაცვა არ გაუყვანია და ეს იყო თავად სტუდენტების სურვილი.

ჯაბა სამუშიას თქმით, ცდილობენ ახალგაზრდებს აუხსნან, რომ არის თემები, რაც უნივერსიტეტს არ ეხება.

ამასთან, სამუშიას განცხადებით, თსუ-ში პროტესტის მონაწილეებს შორის არიან „სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და NGO-ების წარმომადგენლები“.

“არანაირი სურვილი, რომ შეხვედროდნენ ადმინისტრაციას, არ ყოფილა. პირდაპირ მივიდნენ და დაიკავეს კანცელარია. ის მოთხოვნები, რაც უშუალოდ აკაკი ჩიქობავას ეხებოდა, ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა ყველა მხარეს აქვს. ჩვენ დაცვა არ გაგვიყვანია, ეს იყო თვითონ ახალგაზრდების სურვილი, რომ ჩაეხერგათ და თანამშრომლები არ შეეშვათ შიგნით. ეს იყო მათი მოთხოვნა.

მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტების ნაწილი სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, რომლებიც მოდიან და თსუ-დან აკეთებენ განცხადებებს უნივერსიტეტის პროფესორის დასაცავად. ასევე არიან სხვადასხვა “ენჯეოების” წარმომადგენლები. აქ არ არიან მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტები.

მე შევხვდი ამ ახალგაზრდებს და შევთავაზე, რომ შეხვედრა გამართულიყო აუდიტორიაში, დაეტოვებინათ კანცელარია, ეს არის ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. სამწუხაროდ, ეს შეთავაზება მათ ყურად არ იღეს. კონსტრუქციულად ვცდილობთ აუხსნათ, რომ არის თემები, რაც უნივერსიტეტს არ ეხება. არ არის ეს უნივერსიტეტის კომპეტენცია”, - განაცხადა სამუშიამ.

ცნობისთვის, გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. ბრალი მათ სსკ-ის 187 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს