„ნაცების“ პატრონები გადმოინაცვლებენ, გვარამიას პლატფორმას დააფინანსებენ და ჩემს „ხაბეს“ რადიკალიზმში ეს ჩაენაცვლება - ჩემი „ხაბე“ ყველამ გაწირა და ეს არ არის სწორი ფორმატი. „ხაბე“, გამაგრდი! - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ყოფნა შეაფასა და აღნიშნა, რომ „ხაბეიშვილი რა ბედოვლათიც მანამდე იყო, ის არის ახლაც“.
როგორც ზარქუა აღნიშნავს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პოპულისტია და რუსეთიდან გასულ კომპანიებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით „თავის მრევლს აბოლებს“.
მისივე თქმით, „გამარჯვების კოალიცია“, რომლის შემადგენლობაშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ შედის, ლუზერების გაერთიანებით, „ჩიხუახუა" ორი“ გამოდის.
„დღეს „ნაცებს“ წლისთავი აქვთ. ჩემს ბაჯაღლო „ხაბეს“ თავისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რამეთუ მელია ჩამოაგდო, გააერთიანა მთელი „სანაცეთი“ ჩვენი ქვეყნის, ძლევამოსილი არმიით შემდეგ შეუტია და დაიხსნა თავისი ბელადი, შემდეგ დაიმორჩილა ბუნების ძალები და ახლა ერთიანი ძალებით უტევს არჩევნებს, რომ უნდა გაიმარჯვოს. "შუტკა"! რა უნდა გაეკეთებინა?! რაც იყო ბედოვლათი მანამდე, ის არის ახლაც. იმდენად სამარცხვინო შედეგებით არის, რომ უკვე მათი ტელევიზიებიც კი ემიჯნება. “მთავარი არხის" ხელმძღვანელი ვინც არის ამბობდა, ჩემს გარემოცვაში ყველა დასცინისო. ეს მიიღეს. მე კი არ დავცინი, ოქროს გული აქვს, მაგას ვენაცვალე, მაგრამ პოლიტიკურად ღირსეული თავმჯდომარეა, აი, ამ პარტიის. აბა, თქვენ იცით, ერთმანეთს მოუწყვეთ კიდე რევოლუციები, დაიყავით! ვაშაძე დაისვი თავზე, პოპულისტი. ახლა ახალი რაღაც მოიფიქრეს. ევროინტეგრაციაში ხელი მოეცარათ, ვერაფერს შვრებიან, ბელადიც ვერ დაიხსნეს და რა ქნეს? მოიფიქრეს, ახლა რუსეთიდან რაც გავიდა კომპანიები, ისინი არც ერთი არ შემოსულაო. ბიჭო, BMW-ს ცენტი აქ არის, „მერსედესის“ ცენტრი აქ არის, „ტოიოტას“ ცენტრი აქ არის, H&M აქ არის, მთელი ბრენდები აქ არის და დუბლირებულად ვინ შემოვიდოდა აქ?! გიჟია გეუბნებით და „აბოლებს“ ახლა თავის მრევლს შიგნით. სამუშაო ადგილები მეტი უნდა შეგვექმნაო. ვინ ამბობს ამას? - ლუზერი ვაშაძე. ახლა ამ ლუზერების გაერთიანებით „ჩიხუახუა" ორი“ გამოდიან ესენი. როგორც მივხვდი, მათმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს „ნაცებზე“. არ გამოდის არაფერი და ახლა, ჩემი აზრით, ამათი პატრონები გადმოინაცვლებენ და გვარამიას პლატფორმას დააფინანსებენ და ეს ჩაენაცვლება რადიკალიზმში ჩემს „ხაბეს“. რა უნდა ვქნა, არ ვიცი. სად დავასაქმოთ ეს კაცი?! ჩემი „ხაბე“ ყველამ გაწირა და ეს არ არის სწორი ფორმატი. „ხაბე“, გამაგრდი!“ - განაცხადა ზარქუამ.