საქართველოს ეროვნული ბანკი იანვრის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდის და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზების დეტალურ აღწერას გაეცნობით, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება. გამოცემის მიზანია საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების დეტალური ახსნა მივაწოდოთ.
„მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება: ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 9.0 პროცენტამდე შემცირდა
ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები:
ინფლაცია
საქართველოში ინფლაცია 2023 წლის დასაწყისიდან, მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება
დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. ერთის მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია. პარალელურად, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა.
ეკონომიკური ზრდა
წინასწარი შეფასებით 2023 წლის ეკონომიკა 7.0 პროცენტით გაიზარდა.
ფინანსური სექტორი
2023 წლის ბოლოს საკრედიტო აქტივობა დაჩქარდა, რაც მეტწილად ბიზნეს დაკრედიტებამ განაპირობა. ზრდა შეინიშნება სამომხმარებლო ტიპის სესხებშიც.
წლის ბოლოს როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების დოლარიზაცია მცირედით გაიზარდა
მნიშვნელოვანია, რომ დოლარიზაციის შემცირების პროცესი კვლავ გაგრძელდეს, რასაც ხელს შეუწყობს, მათ შორის, ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომები. დოლარიზაციის შემცირება ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია
მაკროეკონომიკური პროგნოზი
მიმდინარე საბაზო პროგნოზით, ინფლაცია წლის დასაწყისში დაბალ დონეზე შენარჩუნდება. შემდგომ, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, ის მიზნობრივ მაჩვენებელს სწრაფად დაუახლოვდება და, საშუალოვადიან პერიოდში, მის ირგვლივ დასტაბილურდება.
ბიზნეს სესხებისა და ინვესტიციების მზარდი წვლილის ფონზე ეკონომიკის პოტენციალის გაუმჯობესების კვალდაკვალ, რეალური მშპ 2024 წელს 5%-ით გაიზრდება.
მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ზომიერი ბიჯებით განაგრძობს.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.