ზვიად ძიძიგური - „ქართულ ოცნებაში“ ეშინიათ არჩევნების, მშვიდი წელი არ ელოდებათ - რაც შეეხება ოპოზიციას, თუ რამდენიმე ლიდერი დადგება და იტყვის, გავერთიანდითო, ამით „კრამიტებს“ ვერ დაამტვრევენ, საჭიროა ხალხს პოზიტივი შესთავაზო, თუ არადა შეჩვეულ ჭირს დაუჭერენ მხარს

ბიძინა ივანიშვილმა ყველას დაანახა გუნდში, ვინმეს თავში რამე არ აუვარდესო, ეს არის გავლენების დემონსტრაციაც და განმტკიცებაც , - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ამასთან, კითხვას, რით იქნება განსხვავებული ირაკლი კობახიძის მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისგან, ძიძიგური პასუხობს, რომ „არაფრით“.

„პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილმა ცვლილებები უნდა გააკეთოს? - ვინმეს თითს დააკარებს და გაუშვებს, ვინც კობახიძის მოყვანილია? ნომინალური ფიგურა იქნება პარტიაში. იქნება მხოლოდ ბუტაფორიული თავმჯდომარე. თვითონაც თქვა, მეტი დრო მექნება ოჯახისთვისო. ფაქტობრივად, თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორც პრემიერ-მინისტრის რანგში ჰქონდა, არ ელოდება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არანაირი ფორმალობა არ დაიცვა და პოლიტსაბჭოს წევრებმაც კი არ იცოდნენ, რომ პრემიერ-მინისტრის ცვლილება იგეგმებოდა.

„ოპოზიციისთვის უკეთესია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ღიად განაცხადა, რომ პროცესებში ჩაერთვება, იმიტომ, რომ „სპარინგი“ მოუწევთ არა ივანიშვილის მარიონეტებთან, არამედ თვითონ ივანიშვილთან. რაც არ უნდა ისაუბროს ივანიშვილმა, რომ დებატში არ დაჯდება, მაგალითად გახარიასთან, მაინც მოუწევს პასუხების გაცემა ისეთ კითხვებზე, რომელთაც ოპოზიციური პარტიები დასვამენ. ეს ოპოზიციური პარტიების სიმძიმესა და წონას გაზრდის. ეს კარგია პოლიტიკური პროცესისთვის. ივანიშვილის მითურ სივრცეში ყოფნა და აქ მის წარმომადგენლებთან დებატები, ოპოზიციასაც უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში აყენებს. ვუსვამ ივანიშვილის პოლიტიკურ წონას ხაზს, აბა არ აქვს ივანიშვილს პოლიტიკური წონა? არიან თუ არა ოპოზიციაში პოლიტიკური ფიგურები, ამის მიუხედავად, საქმე ისაა, რომ ერთ ლიგაში გამოდიან. „მადრიდის რეალი“ არის პირველ ადგილზე, რომელიღაც გუნდი მეოცე ადგილზეა, მაგრამ ერთ ლიგაში თამაშობენ. თამაში ერთ ლიგაში გადავიდა. ივანიშვილს წონა რომ აქვს და სხვას არავის აქვს მის პარტიაში წონა, ამაზე რა უნდა ვისაუბროთ, პროცესებიც ამას არ ადასტურებს? არანაირი ფორმალობა არ დაუცავს. პარტიის პოლიტსაბჭომ შესთავაზა ღარიბაშვილს, გადადი პარტიის თავმჯდომარედო. ყრილობა ერთი თვის წინ არ ჩაატარეს? პოლიტსაბჭოში პაპუაშვილიც ხომ არის? აბა რა პოლიტსაბჭო ჩაატარეს ისეთი, რომ პოლიტსაბჭოს წევრებმა არ იცოდნენ, რომ ცვლილება ხდებოდა? ანუ, ყველაფერი ფარსია. რასაც იტყვის ერთი კაცი, იმას „აპრავებენ“ და ათასი კუთხით გვაწვდიან. თვითონ არაფერი იცოდნენ“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

რაც შეეხება იმას, ირაკლი კობახიძის დანიშვნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოაწერს თუ არა ხელს, ძიძიგური ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა ეს უნდა გააკეთოს, რადგან ამას კონსტიტუცია ავალდებულებს. მისივე თქმით, „თუ სალომე ზურაბიშვილი ხელს არ მოაწერს და შემდეგ მაინც დაინიშნება ირაკლი კობახიძე, ეს მის პოლიტიკურ რეიტინგს დაარტყამს“.

„კონსტიტუციის მიხედვით როგორც აქვს პრეზიდენტს გაწერილი, რაც უნდა გააკეთოს, იმას გააკეთებს, დარწმუნებული ვარ - არ მეტს, არც ნაკლებს. რა თქმა უნდა, უნდა მოაწეროს ხელი. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღეთ, ევროპისკენ მივდივართ და ევროპული წესია, ევროპული წესრიგია. პრეზიდენტს კონსტიტუციურად ამის ვალდებულება აქვს. რომც არ მოაწეროს ხელი, რამდენიმე დღეში მაინც შევა ძალაში. ვფიქრობ, ასეთი ტიპის ნაბიჯებს სალომე ზურაბიშვილი არ გადადგამს და მოიქცევა ისე, როგორც კანონი და კონსტიტუცია ავალდებულებს. ვფიქრობ, ზედმეტ აქტიურობასაც არ გამოიჩენს კომენტარებით. რა მოხდა ახლა ასეთი სასწაული?!“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ძიძიგური ფიქრობს, რომ „ხელისუფლებას მშვიდი წელიწადი არ ელოდება“.

„მათ [ხელისუფლებას] ეშინიათ ამ არჩევნების. ეშინიათ ამ [ოპოზიციური] პარტიების, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სუსტად გამოიყურებიან. მათ პრობლემა აქვთ, რომ მიუხედავად ასეთი ბარიერებისა, მაინც არ მოხერხდეს გაერთიანება, რადგან გაერთიანებას რაღაც ტიპის სინერგიის შექმნა შეუძლია. თუმცა, რომ დადგება რამდენიმე ლიდერი და იტყვის გავერთიანდეთო, ამით ისინი კრამიტებს ვერ დაამტვრევენ, საჭიროა ხალხს რაღაც პოზიტივი შესთავაზო. თუ ამ პოზიტივს არ შესთავაზებ და არანაირი პროგრამა არ გაქვს ჩვეულებრივი ადამიანისთვის, სახლში დარჩებიან ადამიანები და შეჩვეულ ჭირს დაუჭერენ მხარს. ხელისუფლებას მშვიდი წელიწადი არ ელოდება. საკმაოდ დაძაბულია. პროპორციული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრის პირობებში ძნელია 50% აიღო“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო