შევამჩნიეთ „ქართული ოცნების“ გაშმაგებული თავდასხმები „ლელოზე“ - ეს ნიშანია იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ ოპონენტად და სამიზნედ მონიშნა „ლელო“, თითქოს, იცინიან „ლელოზე“, სინამდვილეში კი „ლელო“ მათ ბევრ თავის ტკივილს უჩენს,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მხრიდან მისი პარტიის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, „ლელოზე“ საუბარი გააგრძელოს, „ლელო“ კი საქმის კეთებას გააგრძელებს“.
„პარლამენტის თავმჯდომარე თავისი დამსახურებით რომ იჯდეს პარლამენტის სპიკერის სკამში, ის საკუთარ თანამდებობას, ინსტიტუციის ხელმძღვანელის, პატივს სცემდა და მსგავს განცხადებებს არ გააკეთებდა. ამით ყველაფერი ნათქვამია. „ლელოს“ შესახებ სხვებიც აქტიურობენ. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, საუბარი გააგრძელოს „ლელოზე“. „ლელო“ გააგრძელებს საქმის კეთებას, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. მათ შეუძლიათ, გააგრძელონ რუსეთის მსახურებაში ყოფნა და ყველა დანარჩენის ლანძღვა ვისაც უნდა, ამ ქვეყანას ემსახუროს. მესმის, ისინი ძალიან გაღიზიანებული და შეწუხებულები არიან. დიახ, პარლამენტში 3-კაციანი პოლიტიკური პარტია ქმნის დღის წესრიგს, რასაც ხშირად ვერ აკეთებს მრავალ დეპუტატიანი „ქართული ოცნება“. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სკამების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს ხარისხს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
გარდა ამისა, ნაცვლიშვილმა უპასუხა კითხვას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის შესახებ და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „ლელოს“ კონკრეტული მოლაპარაკებები არ აქვს, თუმცა პარტია „ინდივიდების დონეზე ძლიერდება“.
რაც შეეხება „ქართულ ოცნების“ დღეს გამართულ ყრილობას და პარტიაში გადაადგილებებს, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ „რამდენი ბუტაფორიული ცვლილების იმიტაციაც არ უნდა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, ის ქვეყნისთვის საშიში ძალაა“.
„ცალკეულ პაიკებს საჭადრაკო დაფაზე არ გამოვყოფდი, რადგან როგორი ტიპის გადანაცვლებაც არ უნდა მოხდეს, ამ დაფას მართავს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავის მხრივ კრემლის მიერაა მართული. რამდენი ბუტაფორიული ცვლილების იმიტაციაც არ უნდა ჰქონდეს „ოცნებას“, ფაქტია, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან საშიში და დამაზიანებელი ძალა, რომლის ამოცანაც არ არის ის, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო, შედგეს ძლიერი, დემოკრატიული, სახელმწიფო ინსტიტუციებზე დაფუძნებული. რაც ამ ქვეყანას დამართეს არის ის, რომ საგარეო კურსს უცვლიან და სურთ, საქართველო რუსულ ორბიტაზე დააბრუნონ, მაშინ, როდესაც ძალიან ცხადი და ხელშესახები, ნანატრი ალტერნატივა აქვს ქვეყანას. საბედნიეროდ, ეს რაუნდი ხალხის გამარჯვებით დასრულდა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, თუმცა ამას სჭირდება ძალიან ძლიერი გაგრძელება და ეს გაგრძელება უნდა იყოს არჩევნები. იმიტომ, რომ არაა არანაირი მოლოდინი, რომ რუსული კანონის ავტორი და მხარდამჭერი კობახიძე, რომელიც პრემიერად გადაინაცვლებს და საჯაროდ მესამედ გამოსული ივანიშვილი რაიმეს გააკეთებს იმისთვის, რომ რეფორმები გატარდეს ამ ქვეყანაში, რაც არის ევროკავშირის მოთხოვნა“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ დაჯგუფებებს შორის სერიოზული დაძაბულობაა და ეს დღესაც გამოჩნდა.
„ალბათ, როცა რაღაცის დამალვა გინდა, ზედმეტობაში გადადიხარ და ბოლო ჟესტიც [ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის] ეს იყო, ჩემი აზრით. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ „ქართულ ოცნებაში“ სერიოზული დაძაბულობაა დაჯგუფებებს შორის. ეს ჩანდა დღესაც. როგორ პოზიციონირებენ მედიასთან, რა ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ამით იკითხება როგორი ბრძოლა მიდის შიგნით ძალაუფლების ახლებური გადანაწილების თაობაზე. ყველას თავისი ქვეჯგუფი ჰყავს და ცდილობს, საკუთარი თავი მოიძლიეროს. ეს პარტიაზე კარგად არ მეტყველებს. საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა არის არა ხელისუფლების შიგნით ცვლილებები და გადაადგილებები, არამედ ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ რამდენი გადაადგილებაც არ უნდა გააკეთონ, ეს არ არის ის, რასაც საზოგადოება ითხოვს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.