მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, გუდაურში მნიშვნელოვანი შეჯიბრი „სნოუბორდ კროსის დისციპლინა“ ტარდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული შეჯიბრისთვის გუდაური არის ახალი ლოკაცია, შესაბამისად, როგორც კურორტი, ასევე ქვეყანა მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება.
„მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მუდმივი კალენდარი. დღეს გვქონდა კვალიფიკაციების და ვარჯიშების დღე, ხვალ და ზეგ, 3-4 თებერვალს ფინალებია, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა ისეთ წამყვან სპორტულ მედია-არხებზე, როგორიც არის „ევრო სპორტი“ და ასევე, სხვა პლატფორმებზე. ვიმედოვნებ, რომ საკმაოდ ხარისხიანად ჩავატარებთ. კვალიფიკაციებზე შეფასებები მაღალია საერთაშორისო ფედერაციის დელეგატების მხრიდან, ასევე, სპორტსმენებიც საკმაოდ კმაყოფილები არიან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას და კიდევ ერთხელ მივულოცო 100 წლის იუბილე“,- განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.
შეჯიბრის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ. მისი თქმით, 17 ქვეყნიდან დაახლოებით 90-მდე სპორტსმენია ჩამოსული და ყველა მათგანი ამ სახეობის ლიდერია.
„გამომდინარე იქიდან, რომ ფინალამდე დარჩენილია 4 შეჯიბრი, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღფრთოვანებულები არიან ახალი შეჯიბრის ადგილით. მსოფლიო ჩემპიონატის მერე დაგვიჯერა საერთაშორისო ფედერაციამ, შედეგად ძალიან დიდი სამუშაო შეასრულეს ეკონომიკის სამინისტრომ და MTA-მ. სანახაობრივადაც მართლაც ძალიან ლამაზი ტრასა გამოვიდა. თვითონ ადგილმდებარეობა, ახალი ტრასა და ახალი საბაგირო ძალიან ლამაზი გამოვიდა. მაღალი გამოხმაურებაა და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეჯიბრი დარჩება საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში და ყოველ წელს გვექნება საშუალება შეჯიბრი ჩავატაროთ. რაც შეეხება სპორტული კუთხით, ამ სახეობაში ქართველი სპორტსმენი არ გვყავს და შემდეგ კვირას, ბაკურიანში ქართველი ორი სპორტსმენი ჩამოვა. ჯერჯერობით ცოტა უკან ვართ, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ნელ-ნელა შედეგებსაც გავაუმჯობესებთ“,- განაცხადა ზურაბ კოსტავამ.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორის, უვე ბეიერის განცხადებით, ინფრასტრუქტურა, სადაც შეჯიბრი უნდა ჩატარდეს, მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ იმით, რასაც აქ ვხედავთ. დაწყებული ინფრასტრუქტურით, გვაქვს ახალი საბაგიროები. საქართველო ძალიან სწრაფი ნაბიჯებით პროგრესირებს, მთის კურორტების განვითარების კუთხით. ძალიან კმაყოფილები ვართ. ყველა სპორტსმენი, ყველა გუნდი გაოცებულია იმით, რაც აქ ნახეს პირველად, მსოფლიო თასებზე მოსვლისას. ღონისძიებების ჩატარების ადგილი მშვენიერია, ტრასა ძალიან კარგია. აშკარად ბევრი თოვლია და ამინდის მხრივაც, როგორც ჩანს, გვიმართლებს. საერთო ჯამში, ღონისძიების ორგანიზება და ყველაფერი, რაც ადგილზეა, მოგვცემს იმის საშუალებას მაღალი სტანდარტით ჩავატაროთ მსოფლიო თასის შეჯიბრი. ასე რომ, შაბათ-კვირას დაგეგმილი ღონისძიების მიმართ ჩვენ ძალიან დადებითი განწყობა გვაქვს“,- განაცხადა უვე ბეიერიმ.
ცნობისთვის, გუდაური 3-4 თებერვალს „სნოუბორდ კროსის“ დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს პირველად უმასპინძლებს.
„მთის ტრასების სააგენტოს” ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის (აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა) 90 სპორტსმენი იასპარეზებს.