თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ გახსნაზე ქართული ხორბლის მრავალფეროვნებაზე, კულტურაზე, მარცვლეული კულტურის ისტორიასა და მის გავრცელებაზე ისაუბრა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათი ცნობით, ორდღიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციში 6 ქვეყნის 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ კონფერენციის გახსნაზე აღნიშნა, ქართველი და უცხოელი მეცნიერები მოხსენებებს არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ისტორიის მიმართულებით წარმოადგენენ და ინტერდისციპლინურად შეჯამდება ქართული ხორბლის კულტურის შესახებ არსებული სამეცნიერო მასალა.
მან ასევე ისაუბრა პურის ცხობის განსაკუთრებულ კულტურაზე, ტექნოლოგიაზე და ხაზი გაუსვა იმ ექსპედიციის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.
„ეს იყო კომპლექსური ექსპედიცია, რომლის შედეგად მოხდა მთელი ამ ცოდნის შეკრება ქრთული ხორბლის შესახებ“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისივე თქმით, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში აპრილში ჩატარდება გამოფენა ქართულ ხორბალთან დაკავაშირებით. „ეს იქნება ამ კონფერენციის გაგრძელება, რათა ქართულმა ხორბალმა მიიღოს მსოფლიო აღიარება“, - განაცხადა სამუშიამ.
კონფერენციის გახსნას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„კონფერენცია აერთიანებს, როგორც ქართველი აკადემიური წრის წარმომადგენლებს, ასევე უცხოელ ექსპერტებს. თითოეული მონაწილე თავისი შემდგომი საქმინობით პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენს საამაყო კულტურას. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ იუნესკოს აღიარება მივიღოთ შედეგად იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს ამ დარგის წარმომადგენლებს, სახელმწიფო სტრუქტურებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.
კონფერენცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.