ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, სამინისტრომ, რეგულირების სააგენტოს მოშვებით, იმ უცხოურ საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც, საქართველოში იმპორტით შემოდის.
შესაბამისი განცხადება აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით გატარებულ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფარმაცევტული სფეროს რეგულირების მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა სამომავლო რეფორმების ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი იქნება.
„ქვეყანაში, მედიკამენტების ხარისხის კონტროლისა და მაღალი ხარისხის წამლის მიმოქცევის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ, უკვე შევამოწმეთ ბანგლადეშის, ინდოეთისა და უზბეკეთის საწარმოები, საიდანაც საქართველოს ბაზარზე მედიკამენტები აქტიურად შემოდის. ფარმაცევტული სფეროს რეგულირების მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა სამომავლო რეფორმების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც სამინისტრომ, 2023 წელს აამოქმედა, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდა. შედეგად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული წამლების ხარისხი მონიტორინგი ვაწარმოოთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.