საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ორგანიზაციის - „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ - სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს, ტიმოთი კ. ბლაუველთს შეხვდა და მასთან ერთად სტუ-სა და ამერიკის უნივერსიტეტებთან სამომავლო კოოპერაციისა და კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, შეხვედრა „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (University Capacity Building Program - UCBP) მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაში, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა, მონაწილეობდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების საგრანტო პროექტებისა და უმაღლესი განათლების პროგრამების ხელმძღვანელი, სოფო ბზიშვილი, „ამერიკული საბჭოების“ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ კოორდინატორი ნათია სირდაძე, მეცნიერების დარგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ ლომინაძე, რექტორის მრჩეველი - აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, დოქტორი დავით მახვილაძე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ პირველ ფაზაზე მიზნად ისახავდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამეწარმეო კულტურის განვითარებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას, ასევე, უნივერსიტეტებს, ბიზნესსექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რექტორის, დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, პროგრამის პირველ ფაზაზე, განვითარებისა და მდგრადობის მიმართულებით, არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა და შესაბამისად, მაღალი შეფასება მიიღო, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას.
მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროგრამის მეორე ფაზის განხორციელების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მაქსიმალურად მოხდება სტუ-ის მიმდინარე გამოწვევების გათვალისწინება, ამერიკის სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში აპრობირებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თუ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან პარტნიორობის გაძლიერება-განმტკიცება; განიხილეს ყველა ქმედითი შესაძლებლობისა და არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენების გზები, ასევე, მოსაზრებები შეაჯერეს პროგრამის მეორე ფაზის იმ ძირითად აქცენტებზე, რაც მოიცავს კვლევების ადმინისტრირების, კვლევის მენეჯმენტის, ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, ამერიკელი ექსპერტების მიერ ინტენსიური ვებინარებისა და სემინარების ჩატარებისა თუ ფონდების მოძიების საკითხების შესახებ.
რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ხაზი გაუსვა ამერიკის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, თანადგომის მნიშვნელობას ქვეყნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცის განვითარებაში. მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოსა და „ამერიკულ საბჭოებს“ და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირადად მინისტრის, გიორგი ამილახვარის უშუალო ჩართულობით, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ წარმატებით ხორციელდება. დავით გურგენიძის განცხადებით, ამერიკულ უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან კოოპერაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ხელშესახებ შედეგებს მოუტანს.
შეხვედრაზე სტუ-ის რექტორმა სტუმრებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამერიკის შემსწავლელი ინსტიტუტის დაფუძნების ინიციატივა გააცნო.
„მიგვაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ერთ-ერთი მყარი საფუძველი სწორედ ჩვენს საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეებს შორის კოოოპერაცია იქნება. ამ პროცესში უნივერსიტეტებს თვალსაჩინო როლი აკისრიათ. სწორედ ამ მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დავაფუძნოთ ამერიკანისტიკის ინსტიტუტი, რაც კავშირების გაძლიერების ქმედით გზად გვესახება. ამერიკის კვლევების ინსტიტუტის ამოქმედება არა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების სწრაფვას დემოკრატიისკენ, არამედ სტუდენტებს, მკვლევრებს და აკადემიურ პერსონალს ხელს შეუწყობს მეტად ახლოს გაიცნონ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია, ეზიარონ მის აწმყოსა და მომავალის გეგმებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკადემიური მიმართულებით, მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე გვაქვს კოლაბორაცია არიზონის უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სამეცნიერო კოლაბორაცია გვაკავშირებს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ სამეცნიერო ცენტრთან - Fermilab-თან, რომლის DUNE ექსპერიმენტში ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობენ. დიდი სურვილი გვაქვს, ამერიკულ უნივერსიტეტებთან მრავალმხრივი კოოპერაციის შესაძლებლობები გაგვიჩნდეს, გაფართოვდეს და გაღრმავდეს როგორც აკადემიური, ასევე, სამეცნიერო კოლაბორაციები და ისეთ მრავალფეროვან, გლობალურ ჭრილში წარიმართოს, როგორც ეს ევროპისა თუ აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, უდიდეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, პროგრამის ფარგლებში, საშურია, მჭიდრო ურთიერთობა დავამყაროთ, იმ ამერიკულ უნივერსიტეტებთან, რომლებიც სამეცნიერო-კვლევით ბმაში არიან ფერმის ლაბორატორიათან. ვფიქრობთ, სწორედ ეს იქნება დასაწყისი იმ მიზნობრივი სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობისა, რომელშიც ჩაერთვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები. უნივერსიტეტსა და მის ადმინისტრაციას, პროგრამის მეორე ფაზის მიმდინარეობის პროცესში, კონკრეტული მიზნები გვამოძრავებს - ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეალური შედეგები დავდოთ, რაც უნივერსიტეტს, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, აქტიური და მდგრადი განვითარების საშუალებას მისცემს. ამ დიდი საქმისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძალისხმევას არ დაიშურებს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, დავით გურგენიძემ.
„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამას“ (University Capacity Building Program - UCBP), საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ორგანიზაცია - „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ ახორციელებს.