ირაკლი ქარსელაძე - 2023 წელს დასრულებული და მიმდინარე პროექტების შედეგებზე კიდევ უფრო მასშტაბური 2024 წლის შედეგები იქნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ეკონომიკური მიმართულების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სამინისტროში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელი წელი გამორჩეული იყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ამასთან, გასული წლის ბიუჯეტი სამინისტრომ გადაჭარბებით, 102,6%-ით შეასრულა, 2024 წლის ბიუჯეტის გეგმა კი ისტორიულ მაქსიმუმზეა და 3 მილიარდ 400.7 მილიონ ლარს შეადგენს.

თავის გამოსვლაში ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო, სპორტული ინფრასტრუქტურის და ურბანული განახლების პროექტების შესახებ. მან, ასევე, აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობდა და იმავე ტემპით გაგრძელდება სამუშაოები არასახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს დეცენტრალიზაციის 5 წლიანი სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებასაც.

თავის გამოსვლაში ირაკლი ქარსელაძემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება რჩება. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ისტორიული პროექტის განვითარებისათვის, რომლის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2023 წელს გაიხსნა, ხოლო 2024 წელს გაიხსნება რიკოთის დარჩენილი მონაკვეთებიც. გრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები კახეთის მიმართულებითაც. მაღალი ტემპით გრძელდება ქვეშეთი-კობის პროექტის განვითარება, ასევე, წელს გატარდება მოსამზადებელი ღონისძიებები რუსთავი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის პროექტების დასაწყებად. გაგრძელდება და დასრულდება არაერთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის, ხულო-ზარზმის გზაზე. 2024 წელს რეაბილიტირდება 400 კმ-ზე მეტი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა.

თავის გამოსვლაში მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, 2025 წლის ბოლოს უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა ქალაქი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, 2024 წელს გაგრძელდება 20 ქალაქში განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არსებული პროექტები. ამასთან, 2024 წელს, 100-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტებიდან, დასრულდება 30 მდებარეობაში მიმდინარე პროექტი და წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება არაერთი ქალაქი, დაბა და სოფელი. აღსანიშნავია, 2022-2024 განხორციელებული პროექტების შედეგად დასრულდება 130 მდებარეობაში პროექტები, რის შედეგადაც 365 000 ბენეფიციარს გაუუმჯობესდება 24 საათიანი წვდომა წყალმომარაგებაზე, საიდანაც 130 000 არ ქონია წვდომა.

,,2023 წელს დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მოიცავს, ჯამში, 885 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობას. ასევე, მიმდინარეობს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის არაერთი პროექტი. 171 სკოლიდან დასრულებულია 142 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრობის კანდიდატმა, თავის გამოსვლაში, ასევე, გამოყო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გაწეული სამუშაოები და აღნიშნა, რომ დასრულდა და უკვე ფუნქციონირებს ქუთაისის ოლიმპიური აუზი, ასევე, დასრულების ეტაპზეა რუსთავის სპორტული კომპლექსისა და სრულდება მარნეულის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. გრძელდება სამუშაოები სხვადასხვა ქალაქის სპორტული კომპლექსების მშენებლობისთვის.

მნიშვნელოვანი იყო 2022 წელს დაწყებული 11 სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებამ შესაძლებელი გახადა 2023 წელს გვემასპინძლა საქართველოში უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისთვის.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის, იწყება თბილისში ყინულის სასახლისა და ბაკურიანში ბიატლონისა და სათხილამურო (ქროს-ქანთრის) ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

გამოსვლის დასასრულს მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2023 წელს დასრულებული და მიმდინარე პროექტების შედეგებზე კიდევ უფრო მასშტაბური 2024 წელს გაწეული საქმიანობის შედეგები იქნება.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ