გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაჩქარებული კლიმატური ცვლილებების პირობებში ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში განვითარებულმა მასშტაბურმა სტიქიამ, რომელიც სამწუხაროდ კლიმატური ცვლილებების თვალსაჩინო მაგალითია, უდიდესი ტრაგედიის მომსწრენი გაგვხადა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო მომხდარი სტიქიასთან დაკავშირებით მეცნიერულად დასაბუთებული, ობიექტური დასკვნის მომზადება. სწორედ ამიტომ, დასკვნის შედგენის პროცესში ჩავრთეთ საერთაშორისო სპეციალისტები, რომელთაც მსგავსი სტიქიური პროცესების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. განხორციელდა ექსპედიცია მყინვარ ბუბაზე და ადგილზე დეტალურად იქნა შესწავლილი მდგომარეობა. რამდენიმე დღეში, სააგენტოს სპეციალისტებს ექნებათ შეხვედრა ადგილობრივ ექსპერტებთან რომლებთანაც ამ საკითხებზე გვქონდა არაერთი განხილვა, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს და არაუგვიანეს მომავალ კვირას წარვუდგენთ საბოლოო დასკვნას საზოგადოებას, რომელშიც მოცემული იქნება აგრეთვე რეკომენდაციები განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ბოლოს, ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს 245 დაკვირვების ჰიდრომეტეო სადგური, რაც გააუმჯობესებს ადრეული გაფრთხილების სისტემას. წყალდიდობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად თემებში მოეწყობა ადრეული გაფრთხილების სისტემები.
ფინეთის მეტეოსამსახურთან თანამშრომლობით, რომელიც მოწინავეა ამ მიმართულებით, დაინერგება საინფორმაციო სისტემა, რომლის მიზანია ამინდის პროგნოზის გაუმჯობესება და ადრეული შეტყობინების სისტემის დახვეწა.
გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით 11 მეწყრულ ლოკაციაზე განხორციელდება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების მოწყობა და წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 29-მდე გაიზრდება. მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების ჩართულობით და თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ყველა მყინვარულ ხეობაში შეფასდება არსებული საფრთხეები, შესაბამისად, მომზადდება რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები.