მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამას 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამას აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირა.

დეპუტატები დღეს გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა პარლამენტში, კომიტეტებმა დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, 5 თებერვალს დაიწყეს. 8 თებერვალს კი პროცესი გაწერილი გრაფიკის თანახმად, უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

საკომიტეტო მოსმენა ჩანიშნულია 7 თებერვალსაც. კერძოდ, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისრტობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ. გრაფიკით გაწერილია, რომ 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი - ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.

8 თებერვალს ჩანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახავს. პარლამენტი იმავე დღეს (8 თებერვალს) უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილავს განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას. პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და კენჭს უყრის.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი კობახიძე წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

მთავრობის შემადგენლობა, პარლამენტის ბიუროს სამთავრობო პროგრამასთან ერთად 2 თებერვალს წარედგინა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე