პარლამენტში დღეს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ - დღესვე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატშიც

პარლამენტში მთავრობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი 7 თებერვალს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გაგრძელდება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს ელოდებიან.

უფრო კონკრეტულად, ილია დარჩიაშვილს დეპუტატები საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმენენ.

განხილვის გრაფიკით ასევე გაწერილია, რომ 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი - ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა კომიტეტებში, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, 5 თებერვლს დაიწყო, 8 თებერვალს კი პროცესი გაწერილი გრაფიკის თანახმად, უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

8 თებერვალს ჩანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახავს. პარლამენტი იმავე დღეს (8 თებერვალს) უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილავს განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას. პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და კენჭს უყრის.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი კობახიძე წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

მთავრობის შემადგენლობა, პარლამენტის ბიუროს სამთავრობო პროგრამასთან ერთად 2 თებერვალს წარედგინა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო