პარტია „საქართველოსთვის“ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას არ შეუერთდება.
პარტიის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ამ პლატფორმაში მონაწილეობენ ადამიანები, რომელთათვისაც ევროინტეგრაციაც და არჩევნებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთანაა დაკავშირებული.
ამის მიუხედავად, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, მისი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს და მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, „პრეზიდენტი არჩეული იყოს პირდაპირი წესით, მოქალაქეების მიერ და არა იმ მოდელით, რაც დღესაა“.
„ჩვენ ამ პლატფორმაში მონაწილეობას არ მივიღებთ მარტივი მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ იქ არის ადამიანების ყრილობა, რომელთათვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია და 2024 წლის არჩევნები დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან. ჩვენ ამ ადამიანებთან საერთო არ გვაქვს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.