თეონა აქუბარდია - პრეზიდენტის ინიციატივას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ საარჩევნო გაერთიანებას არ ვუკავშირებ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” საარჩევნო გაერთიანებას არ უკავშირებს.

როგორც მან აღნიშნა, არსებულ მოცემულობაში, ბუნებრივია, რომ პრეზიდენტს 9 რეკომენდაციაზე აქვს აქცენტი და არა, პარტიულ გაერთიანებაზე.

აღნიშნულის შესახებ აქუბარდიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც „ერთობის პლატფორმასთან“ დაკავშირებით ზურაბიშვილთან შეხვედრას მართავს.

„მე ამას არ ვუკავშირებ რაიმე ტიპის საარჩევნო გაერთიანებას ან ბლოკებს. პრეზიდენტმა ღიად თქვა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს ვადაზე ადრე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. პრეზიდენტი არის ზეპარტიული ფიგურა კონსტიტუციით და ასევე, პრეზიდენტის მოქმედებებით. ამ მოცემულობაში, როდესაც მთავარი ინტერესია 9 რეკომენდაცია, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, ბუნებრივია, 9 რეკომენდაციაზე აქვს აქცენტი და არა, პარტიულ გაერთიანებაზე. ამ მოცემულობაში, საერთოდ უპარტიო დეპუტატი ვარ, პრეზიდენტიც არის ზეპარტიული და ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი მოსაზრებების მოსმენა ისევე, როგორც რა სინერგია შეიძლება შევძინოთ ქვეყნის მთავარი ინტერესის განხორციელებას”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, ერთობის იდეით პრეზიდენტი არაერთხელ გამოსულა და ერთობა რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის გაცხადებული ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად, ამაზე ყველა თანხმდება.

აქუბარდიას თქმით, ხალხის დაკვეთაა 9 რეკომენდაციის შესრულება, ვინაიდან მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ნაბიჯების წინ გადადგმა სწორედ ერთიანობით არის შესაძლებელი, ერთობისთვის მზად კი, თვითონ ყოველთვის მზად იქნება.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას. „ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება