ირაკლი კობახიძე ბექა ლილუაშვილს  - ამ ტრიბუნიდან თქვენი ლიდერი „ნაცმოძრაობას“ დამთავრებას ჰპირდებოდა, თუმცა ძალიან მალე მათთან ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია შექმნა, ეს არის მისი და თქვენი პრინციპულობა

მელიას ამნისტიაზე მე არ ვისაუბრებდი იმ პარტიის რიგებიდან, რომელიც მელიას გულისთვის გადადგა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას თანაგუნდელებს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრ დეპუტატებს მიმართა.

მისივე თქმით, [20 ივნისს] სპეცრაზმის მხრიდან ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული, მაგრამ იმ გართულებამდე ვითარება მიიყვანა იმ უგუნურმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მანამდე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ მიიღო.

ამასთან, კობახიძის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება არავითარი შეღავათი არ არის პარტია „საქართველოსთვის“.

„რაც შეეხება 20 ივნისის შტურმის შეფასებას, სტრასბურგის სასამართლომ ის სინამდვილე გაამყარა, რაც 20 ივნისს სახეზე იყო. რა თქმა უნდა, უმთავრეს კონსტიტუციურ ორგანოზე, პარლამენტზე აბსოლუტურად არაკონსტიტუციური შტურმი იყო და შესაბამისი შეფასება მოვისმინეთ, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან.

რაც შეეხება მელიას ამნისტიას, მელიას ამნისტიაზე მე არ ვისაუბრებდი იმ პარტიის რიგებიდან, რომელიც მელიას გულისთვის გადადგა. მელიას გულისთვის გადამდგარი პარტიის თავმჯდომარე ჰყავთ და იმ პარტიის წევრი გვესაუბრება მელიას ამნისტიაზე, რომელიც იყო 19 აპრილის შეთანხმების შემადგენელი ნაწილი. თქვენ ძალიან გიყვართ 19 აპრილის შეთანხმება. დღეს გაირკვა, რომ, თურმე, არ მოგწონთ 19 აპრილის შეთანხმება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არასდროს, აღარასდროს არ მოვაწერთ ხელს მსგავს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს. თუმცა სტრასბურგის გადაწყვეტილება არავითარი შეღავათი არ არის თქვენთვის. მართალია, საბოლოო ჯამში, ჩვენი სპეცრაზმის მხრიდან ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული, მაგრამ იმ გართულებამდე ვითარება მიიყვანა სწორედ უგუნურმა გადაწყვეტილებამ, რომლებიც მანამდე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ მიიღო. ჭიშკარი, წყლის ჭავლი და ა.შ. დანაშაულის კონტექსტში ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, რომელიც მაშინ ამ კაცმა ჩაიდინა, რაც ძალიან მძიმედ დაუჯდა ქვეყანას, დასახიჩრდნენ ადამიანები, მძიმე დაზიანებები მიიღეს. არავითარი შეღავათი თქვენი პარტიის ლიდერისთვის არ არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ უპასუხა პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის კითხვას, რის გამო იმსახურებს ის ნდობას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველ გუნდს მისი თანამონაწილეობით უამრავი საქმე აქვს გაკეთებული. ამასთან, კობახიძის თქმით, გახარიას პარტიის წევრების ადგილზე რომ იყოს, არ დავსვამდა კითხვას იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის ლიდერსაც ძალიან ბევრი „საგმირო“ საქმე აქვს ჩადენილი.

„ცოტა გამიჭირდება ჩემს თავზე ვისაუბრო. ვახსენე ის, რაც გავაკეთე ჩვენს გუნდთან ერთად. კონკრეტულად პარლამენტში ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უამრავი რამ აქვს გაკეთებული, მე ვარ ამ ყველაფრის თანამონაწილე, რითაც ვამაყობ. უამრავი საქმეა, რაც გაკეთდა, მათ შორის ჩემი მონაწილეობით, თუმცა ჩემს თავზე დეტალური საუბარი გამიჭირდება, ეს სწორი არ იქნება. მაგრამ თქვენს ადგილზე რომ ვიყო, არ დავსვამდი კითხვას იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის ლიდერსაც ძალიან ბევრი „საგმირო“ საქმე აქვს ჩადენილი. ჩამოვთვლი, რაც აქვს გაკეთებული: "ბასიანი", პანკისი - უმძიმესი ქმედებები, 20 ივნისის სროლა. სროლაზე იმდენად არაა საუბარი, საუბარია იმაზე, რომ აქამდე მივიდა საქმე იმ ქმედებების გამო, რომელიც ამას უძღოდა წინ. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია - რატომ დააყენეს სპეცრაზმი ჭიშკრის წინ, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლი? ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო და მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს სწორად რომ ემოქმედა, როგორც მოგვიანებით მოქმედებდა ბატონი ვახტანგ გომელაური ანალოგიურ შემთხვევებში, არ გახდებოდა საჭირო სროლა, რამაც გამოიწვია ჩვენი თანამოქალაქეების მძიმედ დაზიანება.

თქვენს ადგილზე, ასეთი ადამიანი როცა გყავს ლიდერად, არცერთ შეკითხვას არ დავსვამდი. ძალიან მძიმეა ამ ადამიანის წარსული. ასევე, არ დავსვამდი კითხვას, როცა ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც 4 მუნიციპალიტეტში კოალიცია შექმნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ ამ ტრიბუნიდან მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი ლიდერი, „ნაცმოძრაობას“ დამთავრებას ჰპირდებოდა, მაგრამ ძალიან მალე მათთან 4 მუნიციპალიტეტში კოალიცია შექმნა. ეს არის თქვენი და მისი პრინციპულობა. სერიოზული პრობლემები გაქვთ, ამიტომ ნუ ეძებთ სხვის თვალში ბეწვს, როდესაც საკუთარი ბელადის, ლიდერის თვალში დირეს ვერ პოულობთ. ეს არის ჩემი რჩევა თქვენ მიმართ. ამ ყველაფრის გამოხატულება რა არის? - რატომ გაქვთ რეიტინგი თქვენ 2% და რატომ გვაქვს ჩვენი დაახლოებით 60% - იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ დიდ საქმეებს, თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ კი ყველა პრინციპს უღალატა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
საქართველოს Wendy’s-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თორნიკე შენგელია „არქის“ „გრანდ ავენიუს“ პროექტის ინვესტორი გახდა
„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
ასამდე ბენეფიციარი და 400 ათას ლარამდე განხორციელებული მხარდაჭერა - სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო