ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს - მაინცდამაინც ის კლინიკა შეარჩია ექსპერტიზისთვის თქვენი პარტიის თავმჯდომარემ, რომელიც მანიპულაციებში იყო შემჩნეული - ფაქტები არსებობდა იმ მანკიერ ქმედებებზე, რომელსაც თქვენი ლიდერი სჩადიოდა

მაინცდამაინც ის კლინიკა შეარჩია ექსპერტიზისთვის თქვენი პარტიის თავმჯდომარემ [გიორგი გახარიამ], რომელიც წარსულში მანიპულაციებში იყო შემჩნეული, იმიტომ, რომ კონკრეტული ფაქტები არსებობდა ამ მანკიერ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენი ლიდერი სჩადიოდა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის გამოსვლას, სადაც მან თქვა, რომ გიორგი გახარიას არაერთხელ დასწამეს ცილი, რომ „კოკაინშიკი“ იყო.

კობახიძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით „სიღრმეში შესვლა არ უნდა“.

„კოკაინზე დაისვა კითხვა. არ მინდა სიღრმეში შევიდე, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ მაინცდამაინც ის კლინიკა შეარჩია ექსპერტიზისთვის თქვენი პარტიის თავმჯდომარემ, რომელიც წარსულში შემჩნეული იყო მანიპულაციებში. რატომ ეს კონკრეტული კლინიკა და არა სხვა? - იმიტომ, რომ კონკრეტული ფაქტები არსებობდა ამ მანკიერ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენი ლიდერი სჩადიოდა“,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ასევე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთი დეპუტატის ბექა ლილუაშვილის გამოსვლას, სადაც ლილუაშვილმა განაცხადა, რომ სამთავრობო პროგრამის დიდი ნაწილი მისი პარტიის წევრების დაწერილია.

კობახიძის თქმით, აღნიშნული პროგრამა მაშინ დაიწერა თავისი თანამონაწილეობით, როდესაც შტაბის უფროსი იყო და შემდეგ გახარიამ ის გამოიყენა, როდესაც პრემიერი გახდა. კობახიძე ამას „ლეგიტიმურ პლაგიატს“ უწოდებს.

„სამთავრობო პროგრამას რაც შეეხება, შტაბის უფროსი ვიყავი და ჩემი ხელმძღვანელობით დაიწერა ეს საარჩევნო პროგრამა. შესაბამისად, როდესაც გიორგი გახარია 2020 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა, მან, რა თქმა უნდა, ისარგებლა ჩემი ხელმძღვანელობით დაწერილი პროგრამით, თუმცა ეს ლეგიტიმური პლაგიატი იყო, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით არავითარი შენიშვნა არ გვაქვს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძისთვის მიმართვაში განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ გახარიას ოდესღაც საქებარ ლექსებს უძღვნიდნენ, შემდეგ კი „კოკაინშიკობა“ დასწამეს.

„ბატონო ირაკლი, თქვენ, ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ოდესღაც საქებარ ლექსებსაც უძღვნიდით და დითირამბებს, მუნიციპალური არჩევნების წინ არაერთხელ დასწამეთ ცილი, რომ თითქოს, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი - „კოკაინშიკი“ იყო, თქვენი სიტყვები რომ გავიმეორო. თქვენ განსაკუთრებით გახასიათებთ ასეთი ღირსეული, კაცური საქციელები“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

რაც შეეხება ბექა ლილუაშვილის გამოსვლას, მან საკუთარ კითხვაში სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა.

„თქვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამიდან დიდი ნაწილი ჩვენი დაწერილია. თუ შტაბის ხელმძღვანელი წერს ახლა, ალბათ ღარიბაშვილი დაგიწერთ სამთავრობო პროგრამას“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა