ირაკლი კობახიძე - გახარია მეც მაქებდა, არ იშურებდა ქების სიტყვებს, სადაც ის იმსახურებდა ქებას, ვაქებდით - დებატებში საკმაოდ წარმატებული იყო, დაუბლაგვდა რიტორიკული უნარები

გახარია არ იშურებდა ჩემთან დაკავშირებითაც ქების სიტყვებს, სადაც ის იმსახურებდა ქებას, ვაქებდით - დებატებში საკმაოდ წარმატებული იყო, დაუბლაგვდა რიტორიკული უნარები , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და განმარტა, თუ რატომ აქებდა „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, ყოფილ თანაგუნდელს გიორგი გახარიას.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გიორგი გახარიას“ დაუბლაგვდა რიტორიკული უნარები მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში არის“.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ვიდრე ის „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, მყარი ზურგი ჰქონდა.

„გახარიას რატომ აქებდი თავის დროზეო, ასეთი კითხვა დაისვა. აქ აღინიშნა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქებდა თავის დროზე თქვენი პარტიის თავმჯდომარე, არ იშურებდა საქებარ სიტყვებს. ამას თავისი ობიექტური საფუძველი და მიზეზი ჰქონდა. მე მაქებდა პირადად, არ იშურებდა ჩემთან დაკავშირებითაც ქების სიტყვებს, რა თქმა უნდა, მეც არაერთხელ მაქვს ნათქვამი მასთან დაკავშირებით პოზიტიური რაღაცები. ბუნებრივია, ეს არის გუნდურობის ნაწილი. თავის დროზე ჩვენ ვიყავით ერთი გუნდის შემადგენელი ნაწილი და სადაც ის იმსახურებდა ქებას, ვაქებდით. კონკრეტული ფაქტები იყო დასახელებული. მაგალითად, პირველ ეტაპზე, მას ძალიან სერიოზული წარმატება ჰქონდა კოვიდთან ბრძოლის კუთხით. რა თქმა უნდა, მას ვაქებდით. დებატებში საკმაოდ წარმატებული იყო. დაუბლაგვდა რიტორიკული უნარები მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში არის. ვიდრე „ოცნებას“ წარმოადგენდა, მყარად იყო. მაშინ „ქართული ოცნების“ ძლიერი ზურგი ჰქონდა და არა ანა ბუჩუკურის ზურგი ან ბექა ლილუაშვილის. როცა ძლიერი ზურგი ჰქონდა, დებატებში ძალიან ძლიერი იყო. ეს ნორმალურია გუნდის პირობებში. ამაზე სპეკულაცია თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ თქვენს პოზიციებში ძალიან სუსტები ხართ“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს გიორგი გახარიას მოქმედებას, ირაკლი კობახიძის თქმით, მასთან სტრასბურგის გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს.

„სტრასბურგმა დაადგინა ის, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამტკიცებთ. იყო არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური შტურმი საქართველოს პარლამენტზე, იყო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რაშიც რადიკალური ოპოზიცია მონაწილეობდა. ამ ყველაფერს სათავეში ედგა რადიკალური ოპოზიცია. რაც შეხება შსს-ის სპეცრაზმს, თითოეულმა მათგანმა, ვინც იმ ღამეს იყო, ლეგიტიმური ძალა გამოუყენა, მაგრამ იმ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა თქვენი პარტიის თავმჯდომარის დანაშაულმა, რომელმაც ჭიშკრის წინ დააყენა სპეცრაზმი, არ გამოიყენა წყლის ჭავლი, ეს იყო ის ქმედებები, რამაც მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ეს არის ის ლაქა, რომელსაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე და შესაბამისად, თქვენი პარტია ვერასდროს ჩამოირეცხავს. ამიტომ ხართ ხოლმე აგრესიულები, საკუთარი მძიმე წარსული გამძიმებთ, როგორც იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელთან ერთადაც კოალიცია გაქვთ შექმნილი“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან დებატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრაგმატულად, არაფერში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ 2%-იან პარტიასთან დებატებში დაჯდომა.

„60%-იანი პარტია შეიძლება 2%-იან პარტიასაც დაუჯდეს დებატებში, შეიძლება ასეთი სულგრძელობაც გამოვავლინოთ, მაგრამ პოლიტიკური პრაგმატულობის ამბავია, პრაგმატულად, უბრალოდ, არაფერში გვჭირდება 2%-იან პარტიასთან დაჯდომა. თქვენ შეგიძლიათ ხშირად ითხოვოთ ასეთი რამ, პლაგიატად თუ არ ჩამითვლით, ეს არის რაღაც „ჩიხუახუას სინდრომის“ გაგრძელება, კი ბატონო, შეგიძლიათ ასეთი მოთხოვნები დააყენოთ ხოლმე“ , - განაცხადა კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია