ალეკო ელისაშვილი  - არქეოლოგების დარბევა მაუზერითა და ნაგანით, არ შეიძლება - ვენაცვალე რეგლამენტს, ორი დღეა შემიძლია ვაკრიტიკო წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს, სატევარივით კი აქვს ენა და სიტყვა მომარჯვებული, პაპუაშვილმა მიკროფონი თუ ჩაურთო, დავიღუპე

წულუკიანს სატევარივით აქვს ენა და სიტყვა მომარჯვებული - პაპუაშვილმა მიკროფონი თუ ჩაურთო, დავიღუპე, ისეთ ჭრილობებს მომაყენებს, რომ სისხლის გუბეები დადგება, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

ალეკო ელისაშვილის თქმით, თუ კულტურის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი იმავე მეთოდებით აპირებს მინისტრობას, რა მეთოდებსაც აქამდე იყენებდა, ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

„თქვენ თუ ისეთივე მეთოდებით აპირებთ მინისტრობას, როგორც აქამდე იყავით კულტურის მინისტრი, ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის და იმ სფეროსთვის, რომელსაც ხელმძღვანელობთ. არქეოლოგების დარბევა ასე მაუზერით და ნაგანით, მწერალთა სახლის დარბევა და სხვა, არ შეიძლება და იმიტომაცაა, რომ საკუთარ პოლიტიკურ გუნდს პრობლემებს უქმნით და ქვეყანასაც. ორი დღეა ამაზე მეცინება, ვენაცვალე ჩვენს პარლამენტის რეგლამენტს, ორი დღეა შემიძლია ვაკრიტიკო თეა წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს. მაგარი ამბავია ეს. რაც მართალია მართალია, სატევარივით კი აქვს ხოლმე ენა და სიტყვა მომარჯვებული და ახლა პაპუაშვილმა მიკროფონი თუ ჩაურთო, დავიღუპე, ისეთ ჭრილობებს მომაყენებს, რომ სისხლის გუბეები დადგება აქ, მაგრამ რეგლამენტი უნდა დავიცვათ და მოგიწევთ ცალმხრივად ჩემი კრიტიკის მოსმენა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ფორმაში არ არის, „დალეწილია, დარეტიანებული“ და საჭიროა სათანადოდ მოემზადოს.

„არჩევნები გველის წინ. სინამდვილეში ჩვენც კაი დალეწილები ვართ აქეთ. დარეტიანებულები დავდივართ. ახლა რომ აქ ბაქი-ბუქი ავტეხო, ბეჭებზე დაგდებთ 26 ოქტომბერს-თქო, მთლად ასე ვერ გამოვა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა საკუთარ ჩაცმულობაზე ისაუბრა და შალვა პაპუაშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით შენიშვნა გაახსენა.

„პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ სხდომათა დარბაზში ან უნდა გეცვას საქმიანად ან შემოსილი უნდა იყო ეროვნული სამოსით. ორი დღის წინ მეგონა, რომ საქმიანად მეცვა, მაგრამ თურმე ნურას უკაცრავადო, პარლამენტის თავმჯდომარემ ტანსაცმელი დამიწუნა და მითხრა, რომ როგორ დადიხარ, ასე არ შეიძლებაო. კიდევ კარგი არ გამაგდეს დარბაზიდან. მთელი დღეა ვნერვიულობ ბატონო შალვა, შესაბამისად თუ მაცვია და რამე წუნს ხომ არ დაუდებთ ამ ჩემს ჩოხა-ახალუხს, წუღამესტებს და ჩექმას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილს რეგლამენტის 84-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო - საქმიანი ან ეროვნული - მე თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი და საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინც და მაინც ჩოხა-ახალუხსა და ხმალ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია